რუდი გარსია - კვარაცხელიას ველაპარაკე, გოლები ვერ გააქვს და განიცდის, მაგრამ თამაშიდან სიამოვნება უნდა მიიღოს #1TVSPORT
რუდი გარსია - კვარაცხელიას ველაპარაკე, გოლები ვერ გააქვს და განიცდის, მაგრამ თამაშიდან სიამოვნება უნდა მიიღოს #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, რუდი გარსიამ „ბრაგასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი უკეთ ითამაშებს, ვიდრე იტალიის ჩემპიონატში.

„იმედგაცრუებული და გაკვირვებული ნამდვილად არ ვარ. მეტი თავდაჯერება გვჭირდება და ვეცდებით, რომ ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოვახერხოთ. იტალიის ჩემპიონატის პირველ თამაშებში ხუთი გოლი გავუშვით, რაც ძალიან ბევრია, მაგრამ სტატისტიკას რომ გადავხედე, ჩვენს კარში მხოლოდ რვაჯერ დაარტყეს. ასე რომ, არც ისე ცუდად ვითამაშეთ.

„ბრაგა“ კარგი გუნდია, მათ მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ, რამდენიმე მათგანს საფრანგეთში მუშაობიდან ვიცნობ. გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა კარგად დავიწყოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ. ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ გავიმარჯვოთ.

რა ეტაპზე არიან კვარაცხელია და ოსიმენი და როგორ ვხედავ მათ მომავალს? შემადგენლობაში ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია, ვიქტორმა ძალიან კარგად დაიწყო და ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა. იმედია თავს „ბრაგასთანაც“ გამოიჩენს. კვარაცხელიას მდგომარეობა ცოტა განსხვავებულია, რადგან მზადების დროს ტრავმა მიიღო.

ხვიჩას ველაპარაკე, მინდა, მშვიდად იყოს. ჯერჯერობით გოლები ვერ გააქვს, რასაც ძალიან განიცდის, მაგრამ ამაზე არ უნდა იფიქროს და თამაშიდან სიამოვნება მიიღოს. ის დიდი ფეხბურთელია. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყველას ოცნებაა, ეს საღამოები დიდი ფეხბურთელებისთვისაა და კვარა ერთ-ერთი მათგანია“, – ამბობს რუდი გარსია.