რუდი გარსია - კვარაცხელიამ „რეალთან“ მატჩამდე თავდაჯერებულობა დაიბრუნა #1TVSPORT
რუდი გარსია - კვარაცხელიამ „რეალთან“ მატჩამდე თავდაჯერებულობა დაიბრუნა #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, რუდი გარსიამ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან მოახლოებულ დაპირისპირებამდე ნეაპოლელების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის მზადებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „რეალთან“ შეხვედრამდე თავდაჯერებულობა დაიბრუნა.

„მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ „ნაპოლი“ ჩემპიონატის ბოლო მატჩებში მიღწეული პროგრესის გაგრძელებას შეეცდება. ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო შეჯიბრია მწვრთნელისა და მოთამაშეებისთვის. როცა ლიგის მუსიკა გვესმის, ენერგია მნიშვნელოვნად გვემატება.

მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელსაც წარმატების უნიკალური რეკორდი ეკუთვნის – ბოლო ათ სეზონში ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოიგო. ჩვენს მეტოქეს კარლო ანჩელოტი ხელმძღვანელობს, რომელსაც ნეაპოლელები კარგად იცნობენ და რომელსაც პირადად მე ძალიან ვაფასებ.

ურთულესი მატჩი გველის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამბიცია, ვითამაშოთ გასამარჯვებლად. ამისთვის გვჭირდება არა მხოლოდ გული, არამედ გონებაც. ჩვენი შესაძლებლობა 120%-ით უნდა გამოვავლინოთ და დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ.

ჩვენ შევისწავლეთ „რეალი“, ბიჭებს ავუხსენით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. საკუთარ კლასსა და თავდაჯერებულობას დავეყრდნობით. ჩვენ მოსაგებად ყველაფერი უნდა გავიღოთ. ბიჭები ძალიან მოტივირებულები არიან. მთავარია, კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რადგან დიდ მატჩებში ყველაფერს წვრილმანები წყვეტს.

ბოლო რამდენიმე მატჩში უკეთ დავიწყეთ ბურთის გაკონტროლება, კარში ხშირად ვარტყამთ და თავდაჯერებულობა დაგვიბრუნდა. მაგალითად, კვარაცხელიას გოლის შემდეგ თვალები უბრწყინავს და ბედნიერია. ის უნიკალური მოთამაშეა, მაგრამ მარტის შემდეგ სულ გოლზე ფიქრობდა და ეს თრგუნავდა. „რეალთან“ მატჩამდე კი თავდაჯერებულობა დაიბრუნა“, – განაცხადა რუდი გარსიამ.