რუდი გარსია - კვარაცხელია უკვე კარგადაა, მაგრამ ვნახოთ, „ლაციოსთან“ ძირითადში ითამაშებს თუ არა #1TVSPORT
რუდი გარსია - კვარაცხელია უკვე კარგადაა, მაგრამ ვნახოთ, „ლაციოსთან“ ძირითადში ითამაშებს თუ არა #1TVSPORT

2 სექტემბერს „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს მესამე ტურში რომის „ლაციოს“ უმასპინძლებს. calcionapoli1926-მა სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა და დააანონსა, რომ ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პირველად დააყენებს ძირითად შემადგენლობაში.

თუმცა, მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ვერ დააკონკრეტა, სერია A-ს 2022/23 წლების საუკეთესო მოთამაშე პირველივე წუთებიდან ითამაშებს თუ არა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, მიზნის მისაღწევად ბალანსი შევინარჩუნო. კვარაცხელია უკვე კარგადაა, ის მთელი კვირა დატვირთული რეჟიმით ვარჯიშობდა, მაგრამ ვნახოთ, ხვალ ითამაშებს თუ არა.

მიუხედავად იმისა, რომ „ლაციომ“ პირველი ორი მატჩი წააგო, მაინც საშიში და ძლიერი გუნდია, რომელსაც ახლა ქულები სჭირდება. არ ვიცი, ტაქტიკურად რას უნდა ველოდოთ, ჯერ ფიზიკურად 100 პროცენტით მზად არ ვართ, რადგან ზოგიერთმა მოთამაშემ სეზონისთვის მომზადება სხვებზე გვიან დაიწყო. „ნაპოლის“ გამარჯვება სურს, ჩვენი მიზანი სეზონის უდანაკარგოდ გაგრძელებაა.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის წილისყრას, შეიძლებოდა, უკეთეს ჯგუფში მოვხვედრილიყავით, თუმცა უარესიც არ იყო გამორიცხული.

მადრიდის „რეალთან“ თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დიდი გუნდია და ჩემთვისაც ღირსეული დაბრუნება იქნება მათ წინააღმდეგ, რადგან როცა „რომა“ 2016 წელს 1/8-ფინალში გავიყვანე და „რეალს“ უნდა შევხვედროდი, თანამდებობიდან თამაშამდე გამათავისუფლეს“, – ამბობს რუდი გარსია.