„რუბინში“ დავითაშვილის ტრანსფერი არ გაფორმებულა - კლუბმა ქართველის მენეჯერი ვერ დაითანხმა
„რუბინში“ დავითაშვილის ტრანსფერი არ გაფორმებულა - კლუბმა ქართველის მენეჯერი ვერ დაითანხმა

რუსეთში სატრანსფერო ბაზარი იხურება, მაგრამ ზურიკო დავითაშვილს ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი დღემდე არ გაუფორმებია.

რუსული გამოცემა „ბიზნეს-გაზეტა“ (business-gazeta.ru) ამტკიცებს, რომ შესაძლოა, ეს ტრანსფერი არც შედგეს, რადგან ამის წინააღმდეგი მოთამაშის აგენტია.

„ბევრი ელოდა, რომ „რუბინი“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალგაზრდა ქართველთან, ზურიკო დავითაშვილთან კონტრაქტს გააფორმებდა. მან გუნდთან ერთად გაიარა ყველა შეკრება და ამხანაგურ მატჩებშიც რეგულარულად თამაშობდა. 15 თებერვალს, შემტევი ნახევარმცველი 18 წლის გახდა და მას შეეძლო უცხოურ კლუბთან პროფესიული კონტრაქტი გაეფორმებინა. მაგრამ ეს არ მოხდა. ჩვენი მონაცემებით, „რუბინმა“ ხელშეკრულების პირობებსა და ვადაზე მოთამაშის მენეჯერის დათანხმება ჯერ ვერ შეძლო“, – წერს „ბიზნეს-გაზეტა“.

რუსული გამოცემის მტკიცებით, თავისუფალი აგენტის სტატუსით, „რუბინს“ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ნებისმიერ მოთამაშესთან შეუძლია კონტრაქტის ხელმოწერა. ამიტომ ეს გარიგება ჯერჯერობით საბოლოოდ არ გამორიცხულა. თუმცა მხარეები შეთანხმებულებიც არ არიან – „პრობლემა ისაა, რომ მოთამაშის აგენტს კლიენტისთვის ნაკლები ხანგრძლივობის კონტრაქტი სურს, რაც „რუბინს“ არ აწყობს – კლუბს არ სურს, რომ ის მხოლოდ ტრამპლინის რანგში გამოიყენონ. ეს არის მთავარი პრობლემა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ „რუბინი“ ახალგაზრდა ფეხბურთელსა და მის წარმომადგენლებს შეუთანხმდეს. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ ტრანსფერი არ განხორციელდეს, თუმცა მოლაპარაკებებში წერტილი ჯერ კიდევ არ დასმულა”.