„რუბინმა“ ვერ მოიგო - კვარაცხელიამ პენალტი გააფუჭა [ვიდეო] #1TVSPORT

რუსეთის პრემიელრიგის მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ 20 წლის ქართველმა თავისი შანსით ვერ ისარგებლა, ხოლო ყაზანის „რუბინი“ ლიგის დებიუტანტ „ნიჟნი ნოვგოროდთან“ დამარცხდა.

„რუბინმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. ლეონიდ სლუცკის გუნდმა კვლავ უფერული მატჩი ჩაატარა. ხვიჩა კვარაცხელია (ისევე როგორც ჯორჯ დესპოტოვიჩი) თავიდან რეზერვში იყო და მოედანზე მხოლოდ 28-ე წუთზე დაშავებული იგორ სამოშნიკოვის ნაცვლად გამოჩნდა.

ხვიჩა აქტიური იყო და 42-ე წუთზე სცადა გატანა, მაგრამ ბურთი მეკარის ნადავლი გახდა. 49-ე წუთზე კი შეიჭრა „ნიჟნი ნოვგოროდის“ საჯარიმოში, სადაც წააქციეს და პენალტი თავად დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. გავიდა წუთი და კვარაცხელიას უკვე თამაშიდან შეეძლო გაეტანა, მაგრამ მცველმა გადაცემა ჩაჭრა და დარტყმის საშუალება არ მისცა.

61-ე წუთზე კი ყაზანელებმა პენალტით გოლი საკუთარ კარში მიიღეს – ანგარიში ნიკოლაი კალინსკიმ გახსნა – 0:1. ხვიჩას გატანის ბოლო მცდელობა 83-ე წუთზე ჰქონდა, ბრწყინვალე მოძრაობით საჯარიმოში შეიჭრა და წააქციეს, მაგრამ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა. საბოლოოდ, „რუბინმა“ 0:1 წააგო და 14 ქულით მე-8 ადგილზე დაქვეითდა.