„რუბინმა“ გუნდური ვარჯიში განაახლა - ყაზანელებს ქართველებიც შეუერთდნენ
„რუბინმა“ გუნდური ვარჯიში განაახლა - ყაზანელებს ქართველებიც შეუერთდნენ

ორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ, რუსეთში გუნდებს ჯგუფური ვარჯიშების უფლება დართეს – საკუთარ ბაზაზე ემზადება ყაზანის „რუბინიც“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია და ზუკა დავითაშვილი თამაშობენ.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა პანდემიის პერიოდი სამშობლოში გაატარეს და რუსეთში მცირე ხნის წინ ჩავიდნენ. ახლა ორივე მათგანი გუნდს შეუერთდა და სრული დატვირთვით ემზადება.

„რუსები ადრე ჩამოვიდნენ, ჩააბარეს ტესტი და დაელოდნენ შედეგებს. ჩამოვიდა უცხოელთა დიდი ჯგუფი. შედეგად, გუნდი ყაზანში შეიკრიბა და დავიწყეთ ვარჯიში კორონავირუსის ტესტის ორჯერ გავლის შემდეგ. ვირუსი აღმოაჩინა ნიკოლაი პოიარკოვს და ახლა ის იზოლირებულია. მანამდე კოსტია პლიევს ჰქონდა დადებითი პასუხი, მაგრამ ახლა მან უკვე გაიარა ორი უარყოფითი ტესტი და რამდენიმე დღეში გუნდს შეუერთდება. ჩვენ ასევე გავიარეთ ანტისხეულების ტესტი. ყველა ამ პროცედურის შემდეგ, ჩვენ სრულფასოვან მუშაობას შევუდგებით“, – ამბობს ყაზანელთა მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი.