რუბინმა გასართობად მოიცალა - როგორც მოედანზე, ქართველები პეინტბოლშიც ყველაზე აქტიურები იყვნენ
რუბინმა გასართობად მოიცალა - როგორც მოედანზე, ქართველები პეინტბოლშიც ყველაზე აქტიურები იყვნენ

სეზონის დაწყებამდე, ყაზანის „რუბინმა“ და გუნდის ქართველმა ფეხბურთელებმა გართობისთვისაც მოიცალეს. ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის იდეა იყო, რომელიც მუდმივად ცდილობს, ვარჯიშით დაღლილი შეგირდები განტვირთოს.

„ყაზანის „რუბინის”ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ლაზერული პეინტბოლი ითამაშეს. მონაწილეები ორ გუნდში გადანაწილდნენ – „ცისფერსა” და „მწვანეში”. მწვანეთა გუნდში ყველაზე აქტიურები (როგორც ეს ხშირად ხდება ფეხბურთის მატჩების დროს) „რუბინის” ქართველი ლეგიონერები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იყვნენ“, – წერია „რუბინის“ ოფიციალურ გვერდზე.

გუნდის პრესსამსახურის ცნობით, თამაში ფრედ დასრულდა, თუმცა დავითაშვილი ამას არ დაეთანხმა. თამაშის შემდეგ გუნდური სადილი გაიმართა, რომლის დროსაც კლუბის ახალბედებმა, ლეონიდ სლუცკის მიერ თურქეთში ზამთრის შეკრებაზე დანერგილი ტრადიციის მიხედვით, „რუბინში“ ჩარიცხვის რიტუალი ჩაატარეს და გუნდის წინაშე საყვარელი სიმღერები შეასრულეს.

ქართველების გუნდი ახალ სეზონს საშინაო მატჩით დაიწყებს – 11 აგვისტოს, „რუბინი“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.