რუბინის სპორტული დირექტორი - კვარაცხელიას რუსეთში წასვლა უაზრობაა, ის ევროპაში გაიყიდება
რუბინის სპორტული დირექტორი - კვარაცხელიას რუსეთში წასვლა უაზრობაა, ის ევროპაში გაიყიდება

„რუსულ კლუბში ხვიჩა კვარაცხელიას წასვლას აზრი არ აქვს. მას შეუძლია შემდეგი ნაბიჯი ევროპაში გადადგას, დარწმუნებული ვარ, ეს საკმაოდ ძვირი ტრანსფერი იქნება,“ – განაცხადა ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ, რომელმაც კომენტარი საქართველოს ნაკრების 19 წლის თავდამსხმელთან დაკავშირებულ სატრანსფერო წინადადებებზე გააკეთა.

მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ახლაც ძვირად ღირს: „ნებისმიერი კლუბისთვის მოთამაშეთა გაყიდვა ბუნებრივია, როდესაც ისეთი პოტენციალის ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც ხვიჩაა. ის ადრე თუ გვიან წავა. ეს გარდაუვალია, რადგან ასეთ მოთამაშეებს მომდევნო დიდი ნაბიჯის გადადგმა სჭირდებათ. ხვიჩა კვარაცხელია დიდ ევროპულ კლუბში აუცილებლად გადავა და ძალიან ძვირი ეღირება“.

ყაზანელთა გენერალურმა დირექტორმა კონკრეტული თანხა არ დაასახელა: „არ მინდა ციფრებზე ვისაუბრო, რადგან სხვებიც ასევე აფასებენ – „მოდით, ახლა გარკვეულ თანხად ვიყიდოთ, რადგან მალე კიდევ უფრო გაძვირდება“. ჩვენ გვირჩევნია, თავად გავყიდოთ „კიდევ უფრო ძვირად“. ახლა პოტენციური მყიდველები არ მოგვცემენ იმ თანხას, რომელიც ჩვენ გვაწყობს. გარდა ამისა, გვაქვს ჩვენი ამოცანები, ისევე როგორც იმის გაგება, რომ ფეხბურთელი გასაყიდად უნდა მომზადდეს. ახლა კი კვარაცხელია არ იყიდება, ეს გადაწყვეტილია“.

თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ 2019 წლის 6 ივლისს, გადავიდა და გუნდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.