„რუბინის“ მწვრთნელი უარყოფს, რომ კვარაცხელიამ მოტივაცია დაკარგა - ტრავმის შემდეგ სასურველ კონდიციებში ვერ შევიდა #1TVSPORT
„რუბინის“ მწვრთნელი უარყოფს, რომ კვარაცხელიამ მოტივაცია დაკარგა - ტრავმის შემდეგ სასურველ კონდიციებში ვერ შევიდა #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ მწვრთნელის ასისტენტი ოლეგ ვერეტენიკოვი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კვარაცხელიამ რუსეთში თამაშის გაგრძელების გამო მოტივაცია დაკარგა.

„კვარაცხელიას მოტივაციის ნაკლებობის პრობლემა არ აქვს. ის საკმარისად მოტივირებულია. ფაქტია, რომ ხვიჩა იგივე მდგომარეობაშია, როგორც დესპოტოვიჩი, რადგან ტრავმის შემდეგ ფორმის აღსადგენად დრო სჭირდება. სასურველ კონდიციებში არაა და ძველებურად შთამბეჭდავად რომ ითამაშოს, ხელს ეს უშლის. მას მოტივაციას პრობლემა ნამდვილად არ აქვს“, – განაცხადა ყაზანელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ოლეგ ვერეტენიკოვმა პრესკონფერენციაზე.

„რუბინმა“ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. ერთი კვირის წინ ყაზანის გუნდი პეტერბურგის „ზენიტთან“ 1:3 დამარცხდა, ახლა კი მოსკოვში „დინამომ“ 2:0 სძლია. კვარაცხელია ორივე მატჩში ყაზანის სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელს ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ იყო ერთ-ერთ ევროპულ კლუბში („მილანი“, „ნაპოლი“, „იუვენტუსი“, „ლიდსი“, „ტოტენჰემი“) გადასვლის მოლოდინი. მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია ისევ „რუბინში“ დარჩა და ბოლო შეხვედრებში მისთვის ჩვეულ ფეხბურთს ვერ აჩვენებს.

დატოვე კომენტარი