„რუბინის“ მთავარი მწვრთნელი - კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია
„რუბინის“ მთავარი მწვრთნელი - კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ რუსეთის პრემიელრიგის „იუთუბის“ არხზე „ორენბურგთან“ მოგებულ (1:0) მატჩზე კომენტარი გააკეთა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა

„ეს საკმაოდ რთული თამაში იყო, რადგან ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ასეთი მატჩები მარტივად როგორ უნდა მოვიგოთ. მე მჯერა, რომ ზოგადად გამარჯვება დავიმსახურეთ, თამაში ძალიან რთული იყო“ – ამბობს სლუცკი.

ხვიჩა კვარაცხელიაზე მას შემდეგი კითხვა დაუსვეს: „ნაფიქრი გაქვთ, თუ როგორ უნდა გახდეს ხვიჩა კვარაცხელია სტაბილური, რომ ეს დონე ჩემპიონატის დასრულებამდე შეინარჩუნოს?”

„საამისოდ აუცილებელია, რომ უფრო ასაკოვანი გახდეს, რადგან ახალგაზრდა მოთამაშე ნებისმიერ შემთხვევაში არასტაბილურია. მაგრამ მას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია“ – ამბობს ყაზანელთა მწვრთნელი ქართველ თავდამსხმელზე.

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინში“ რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში „ორენბურგის“ წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა, ერთად-ერთი გოლი მისი გადაცემით გავიდა და 19 წლის ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.