„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელია 10 კი არა, 25 მილიონი ღირს
„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელია 10 კი არა, 25 მილიონი ღირს

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტამ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დაასახელა. გამოცემა „ჩემპიონატთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ინტერნეტ-პორტალი „ტრანსფერმარკტი“ ყაზანური გუნდის და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას ბევრად ნაკლებად აფასებს, ვიდრე მისი საბაზრო ფასია.

„რაც შეეხება კვარაცხელიას 10 მილიონ ევროდ შეფასებას, ამაზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. შემიძლია „ტრანსფერმარკტზე“ დავწერო ფასი, რომ მისი ტრანსფერი 25 მილიონი ევრო ღირს. საორიენტაციო რა არის? ჩვენ ხომ კარგად გვესმის, დაახლოებით რამდენი შეიძლება ასეთი ფეხბურთელი ღირდეს? რა არის 10 მილიონი?“ – ამბობს საიმანოვი.

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა კონკრეტული მაგალითი დაასახელა, რუსულ პრემიერლიგის მოთამაშეებში რა თანხას ითხოვენ.

„ჩვენი ჩემპიონატიდან ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა მსურდა. მის გვარს არ დავასახელებ, ჩემი კოლეგები რომ არ გავამხილო. მითხრეს – რვა მილიონი ევრო. ლაპარაკია ახალგაზრდა მოთამაშეზე, რომელიც შეცვლაზე თამაშობს! ის არის რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის მოთამაშე და 8 მილიონი ევრო მოითხოვეს. ხვიჩა ამ მოთამაშეს ყველა თვალსაზრისით რამდენჯერმე აღემატება,“ – თქვა საიმანოვმა „ჩემპიონატის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში.