„რუბინის“ გენდირექტორი - კვარაცხელიაზე კონკრეტული თანხა არ დაგვისახელებია და ჩვენს დიდ მადაზე ლაპარაკი არ შეიძლება #1TVSPORT
„რუბინის“ გენდირექტორი - კვარაცხელიაზე კონკრეტული თანხა არ დაგვისახელებია და ჩვენს დიდ მადაზე ლაპარაკი არ შეიძლება #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ დაიწყო მტკიცება, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერზე არავის მიუმართავს.

„ხვიჩა არ წავიდა და ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ის დარჩა. ხვიჩა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მოთამაშეა და როგორც ჩანს, გულშემატკივრებსაც ძალიან უყვართ. ჩვენ მიზნად მისი გაყიდვა არ გვქონია. უბრალოდ, ბევრი იყო საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით კლუბები დაინტერესებულნი არიან. ჩვენ მზად ვიყავით მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არც ერთი კლუბის მხრიდან ოფიციალური მოთხოვნა არ ყოფილა“, – განაცხადა საიმანოვმა „ბიზნეს ონლაინთან“ ინტერვიუში.

ამავე დროს, ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა არ გამორიცხა, რომ კვარაცხელია მაინც გაუშვან:

„უკიდურესად რთულია პროგნოზირება, თუ რა მოხდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. როგორც წესი, ასეთ დროს ევროპული კლუბები ძვირადღირებილ ტრანსფერებს არ ახორციელებენ, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა კვარაცხელია „რუბინის“ მოთამაშეა“.

შეგახსენებთ, რომ იტალიური გამოცემა „კალჩომერკატოს“ ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „რუბინთან“ მოლაპარაკება „მილანმა“ სცადა, მაგრამ ყაზანელების მოთხოვნილი თანხის გამო მოლაპარაკება აღარ გააგრძელეს. საიმანოვმა ამაზეც ილაპარაკა:

„ჩვენ არანაირი კონკრეტული თანხა არ დაგვისახელებია. ამიტომ, არ შეიძლება იმის თქვა, რომ ჩვენ დიდი მოთხოვნები გვაქვს. მაგალითად, მინიმუმ რუბლი რომ შემოეთავაზებინათ, მაშინ ვიტყოდი, რომ ამისთვის მზად არ ვარ. რუბლის წინადადებაც არ ყოფილა და რაზე უნდა ვილაპარაკო“.

გერმანული სამენეჯერო პორტალი Transfermarkt  ქართველი ნახევარმცველის ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.