„რუბინის“ დირექტორი - კვარაცხელია უკვე ვარჯიშობს და მატჩისთვის ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT
„რუბინის“ დირექტორი - კვარაცხელია უკვე ვარჯიშობს და მატჩისთვის ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა თავდამსხმელ ხვიჩი კვარაცხელიას ტრავმაზე ილაპარაკა.

საიმანოვმა თქვა, რომ ხვიჩა უკვე მომჯობინდა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და რუსეთის პრემიერლიგის მოახლოებული მატჩისთვის ემზადება.

„ხვიჩა უკვე ვარჯიშობს და მატჩებისთვის ემზადება. უბრალოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვერისკა და „კრასნოდართან“ ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე არ შეგვეშვა. ახლა კვარაცხელია მზად არის. ყველაფერი წესრიგშია“, – თქვა საიმანოვმა.

ვიდეო: Rubin Kazan

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვილი სანიოლიმ საქართველოს ნაკრებში გამოიძახა, მაგრამ შეკრების დაწყების წინა დღეს გაირკვა, რომ 20 წლის თავდამსხმელი ტრავმირებული იყო და სექტემბრის შეხვედრებში ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. სამწუხაროდ, არ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართველი თავდამსხმელით „იუვენტუსი“ და „ტოტენჰემი“ დაინტერესდნენ. შესაბამისად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ქართველი შემტევი ისევ რუსეთში დარჩა.

რუსეთის პრემიერლიგაში ყაზანის „რუბინი“ მე-7 ტურის შეხვედრას საკუთარ სტადიონზე ჩაატარებს. ლეონიდ სლუცკის გუნდი ეკატერინბურგის „ურალს“ 13 სექტემბერს უმასპინძლებს.