„რუბინი“ ფეხბურთელებს ახალი ტექნოლოგიებით ავარჯიშებს - სლუცკის დავითაშვილის წონა აწუხებს
„რუბინი“ ფეხბურთელებს ახალი ტექნოლოგიებით ავარჯიშებს - სლუცკის დავითაშვილის წონა აწუხებს

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟირნალისტ ნობელ არუსტამიანის ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში კორონავირუსის პერიოდში ფეხბურთელების მდგომარეობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მოთამაშეებს თანამედროვე ტექნოლოგიებით ავარჯიშებს.

„ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ ყველა თანამედროვე ტექნოლოგიას და იძულებითი პაუზის დროს ფეხბურთელებს ასე ვავარჯიშებთ. უბრალოდ, ჯერ კიდევ ფიზიკურად ამის საშუალება არ გვქონია, რადგან ლეგიონერები მხოლოდ ახლახანს წავიდნენ. იგივე ქართველები, რამდენადაც მე ვიცი, სახლებში მხოლოდ გუშინწინ დაბრუნდნენ და ჩაღწევა ძალიან გაუჭირდათ. მანქანით ვლადიკავკაზის გავლით წავიდნენ. ყველა ტექნიკური საკითხი ხვალ მოგვარდება და მუშაობას დავიწყებთ“ – ამბობს სლუცკი.

„რუბინის“ მწვრთნელის თქმით, განსაკუთრებით ზურიკო დავითაშვილის წონა აწუხებს:

„ზურიკოს კარგი მადა აქვს და ჭარბი წონისკენაა მიდრეკილი – მას წონის პრობლემები უკვე ჰქონდა. ორგანიზმში ცხიმის პროცენტული შემცველობით ზურიკო გუნდში ჩემს შემდეგ მეორე ადგილზეა. კვარაცხელიას სხვა აღნაგობა აქვს და მას ზედმეტი წონის პრობლემა არ ჰქონია. ამიტომ, დღეს მე მივწერე ზურიკოს, რომ წონას მკაცრად გავუკონტროლებდი: სასწორზე უნდა დადგეს და მონაცემები ლაივში გამომიგზავნოს“.