რუსეთის საპატრიარქო - გზა, რომელსაც კონსტანტინოპოლი დაადგა, შესაძლოა, ძალიან მძიმე გახდეს მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის
რუსეთის საპატრიარქო  - გზა, რომელსაც კონსტანტინოპოლი დაადგა, შესაძლოა, ძალიან მძიმე გახდეს მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის

რუსული მართლმადიდებელი ეკლესია იმედს გამოთქვამს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო გააცნობიერებს უკრაინაში თავისი ქმედებების შედეგებს და დიალოგის გზას დაადგება. ამის შესახებ რუსეთის პატრიარქის პრესმდივანმა, ალექსანდრ ვოლკოვმა განაცხადა.

„გზა, რომელსაც კონსტანტინოპოლი დაადგა, შესაძლოა, ძალიან მძიმე გახდეს მთელი მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის და უკრაინაში მორწმუნეებისთვის. თუმცა, რთული სიტუაცია შესაძლოა, ძალიან მალე განიმუხტოს, თუ კონსტანტინოპოლი დიალოგის გზას დაადგება“, – განაცხადა ვოლკოვმა.

რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელმა დიალოგის დაწყების ერთადერთ შესაძლებლობად “კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ შეცდომების აღიარება და ბოდიშის მოხდა დაასახელა”.

შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის პროცესი გრძელდება. სინოდის გადაწყვეტილებით, კიევის პატრიარქ ფილარეტსა და მიტროპოლიტ მაკარს ანათემა მოეხსნა, ასევე გაუქმდა სინოდალური გადაწყვეტილება, რომლითაც მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმა შეეძლო. პასუხად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა.