როუზ გოტემოლერი - საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და ამ ტემპით უნდა გააგრძელოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი
როუზ გოტემოლერი - საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და ამ ტემპით უნდა გააგრძელოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი

კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 64-ე წლიური სესია დასრულდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების ბოლო დღეს, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემოლერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სხვადასხვა საკითხთან ერთად, ყურადღება საქართველოს თემაზე გაამახვილა.

„საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და მან ამ ტემპით უნდა განაგრძოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, რაც თავის მხრივ, ალიანსში კონსენსუსის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ნატო-ს კარი ღიაა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო გახდება ალიანსის წევრი“, – განაცხადა როუზ გოტემოლერმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს, ავღანეთის მისიაში გაწეული კონტრიბუციისთვის და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველო მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი სესიაშვილის, სოფიო ქაცარავას და გიორგი კანდელაკის შემადგენლობით დაესწრო.

ჩრდილო-ატლანტიკური საპარლამენტო ფორუმი ასამბლეის პრეზიდენტის, ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, მადელინ მუნის არჩევით დასრულდა.

დატოვე კომენტარი