„როტორმა“ ისევ წააგო - ქართველების გუნდი პლეი-აუტს უახლოვდება #1TVSPORT
„როტორმა“ ისევ წააგო - ქართველების გუნდი პლეი-აუტს უახლოვდება #1TVSPORT

ვოლგოგრადის „როტორმა“ მორიგი შეხვედრა წააგო – გუნდი, სადაც ოთხი ქართველი თამაშობს, რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში მოსკოვის „დინამოს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ვოლგოგრადში გამართული პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში „როტორის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს საბა კვირკველიამ (55-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო), ზუკა დავითაშვილმა და ნიკა ყიფიანმა, გიორგი არაბიძე კი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.

მოსკოველებმა თამაში უკეთ ჩაატარეს და დანილ ფომინის (57-ე წუთი), ივან ორდეცის (76) და კლინტონ ნჟის (90+2) გოლებით 0:3 მოიგეს. 26 ტურის შემდეგ ვოლგოგრადის „როტორმა“ მხოლოდ 18 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზეა – დარჩენილი ოთხი მატჩიც რომ მოიგოს, დიდი ალბათობით, ქართველების გუნდი გადათამაშებას ვერ ასცდება.