„როტორმა" ანანიძის ტრანსფერი დაადასტურა - ტრავმები დასრულდა, მსურს იგივე დონეზე დავბრუნდე
„როტორმა" ანანიძის ტრანსფერი დაადასტურა - ტრავმები დასრულდა, მსურს იგივე დონეზე დავბრუნდე

მედიაში გავრცელებული ცნობები დადასტურდა – ვოლგოგრადის „როტორმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კლუბში ითამაშებს. მასთან გუნდის ვებ-გვერდმა ინტერვიუ ჩაწერა.

„საქართველოში ვიყავი, როდესაც შევიტყვე, რომ „როტორი” დაინტერესდა. გადაწყვეტილება დაუფიქრებლად არ მიმიღია: კარიერის გასაგრძელებლად სხვა ვარიანტები მქონდა – საქართველოდან და თურქეთიდან, მაგრამ მხოლოდ „როტორმა” გააკეთა ოფიციალური შეთავაზება და რუსეთში დაბრუნება გადავწყვიტე. ეს ჩემპიონატი ჩემთვის ნაცნობია, რუსეთში გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი: იქ 15 წლის ასაკიდან ვთამაშობდი და 11 წელი გავატარე „სპარტაკში“. ახლა ჩემთვის ყველაფერი ნულიდან იწყება: ტრავმები დასრულდა, მსურს ვითამაშო, ფორმა აღვიდგინო და იგივე დონეზე დავბრუნდე”, – ამბობს ანანიძე

მისი თქმით, ვოლგოგრადელ ფეხბურთელებში მხოლოდ ქართველ მოთამაშეს იცნობს: „ახლოს მხოლოდ ბექა მიქელთაძეს ვიცნობ. უფრო ადვილია გუნდში მისვლა, როდესაც იქ ქართველია. „სპარტაკში” ჯიქია რომ მოვიდა, რა თქმა უნდა, მისთვის ადაპტირება ადვილი არ იყო. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ასევე შევხვდებით მიქელთაძეს. გუნდში ნიკა ყიფიანიც თამაშობს, მაგრამ მე მას პირადად არ ვიცნობ”.