„როტორის“ მწვრთნელმა ქართველებზე ისაუბრა - ისინი პროფესიონალები არიან
„როტორის“ მწვრთნელმა ქართველებზე ისაუბრა - ისინი პროფესიონალები არიან

ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ხაცკევიჩმასპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში გუნდის ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა. ვოლგოგრადში კი მთელი დიასპორა თამაშობს – საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს. ასევ იყო ჯანო ანანიძე, რომელმაც გუნდი დატოვა.

ხაცკევიჩს ჟურნალისტმა ძველი ფრაზა გაახსენა – „გუნდში ერთი ქართველი კარგია, ორი უკვე პრობლემაა, ხოლო როცა სამია, ცეკვა და მწვადები იწყება“. „როტორში“ კი ოთხი ქართველია.

„თქვენ კიევის„დინამოს“ დროინდელი ჩემი ინტერვიუ გაიხსენეთ, სადაც კალაძესთან და დემეტრაძესთან ვთამაშობდი. მათთან ძალიან ვხალისობდი. „როტორშიც“ ასეა. მატჩი ან ვარჯიში მთავრდება და გასახდელში ხმაურია. ბიჭები საკუთარ ენაზე თამაშს განიხილავენ ხმამაღლა, იუმორით, ჟესტიკულაციით, ქართულ მუსიკას ჩართავენ. მათთან მუშაობა ადვილია, რადგან ოთხივე პროფესიონალია და პატივს სცემს პრინციპებს, რომლითაც გუნდი ხელმძღვანელობს“, – ამბობს ხაცკევიჩი.

„კვირკველიას „როტორში“ ჩასვლისას ზედმეტი წონა ჰქონდა – რვა კილო?“ – ჰკითხეს ვოლგოგრადელთა მთავარ მწვრთნელს.

„ნაკლები, მაგრამ ეს თვალშისაცემი იყო. ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან მუშაობის წყალობით, თავი მოიწესრიგა და ფორმაში შევიდა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ რისკზე მივდიოდით, კვერკველიას ძირითად შემადგენლობაში რომ ვაყენებდით, რადგან 100% მზად ჯერ კიდევ არ იყო. მაგრამ მისი გამოცდილებისა და კლასის იმედი მქონდა. გაამართლა თუ არა? ყოველთვის არა. იმისათვის, რომ გახდეს ძველი კვირკველია, რომელიც „ლოკომოტივის“ დაცვის ბურჯი იყო, საიმედოობის კოეფიციენტი უნდა გაზარდოს“.

მწვრთნელის თქმით, გუნდის მეხუთე ქართველი ანანიძე ვოლგოგრადში არ გაჩერდა და პატიოსნად მოიქცა:

„ის პატიოსნად მოიქცა. როდესაც მიხვდა, რომ მუხლის ტრავმის გამო „როტორს” ვერ დაეხმარებოდა, გუნდს კონტრაქტის გაწყვეტა შესთავაზა. ვფიქრობ, რომ ასეთ ვითარებაში ყველა ფეხბურთელი ასე არ მოიქცეოდა“.