„როტორის“ ძირითადში ხუთი ქართველი მოხვდა - ვოლგოგრადელებმა „მურას“ სძლიეს
„როტორის“ ძირითადში ხუთი ქართველი მოხვდა - ვოლგოგრადელებმა „მურას“ სძლიეს

ვოლგოგრადის „როტორმა“, სადაც ამჟამად 6 ქართველი ფეხბურთელია, თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა – გუნდი სლოვენიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან მურსკა სობოტას „მურას“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

პირველი სპარინგი პოლონურ „იაგელონიასთან“ ვოლგოგრადელებმა ზურიკო დავითაშვილის გოლით ფრედ, 1:1 დაასრულეს. ამჯერად „როტორმა“ უკეთ ითამაშა და შეკრებაზე პირველად გაიმარჯვა.

მატჩის დაწყებამდე ვოლგოგრადის გუნდის სამი ფეხბურთელი მსუბუქად დაშავდა და თამაში ვერ შეძლო. შედეგად, ჯოვინო ფლამარიონი და ბექა მიქელთაძე თამაშს ტრიბუნიდან უყურებდნენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ხაცკევიჩმა, ისევე როგორც წინა მატჩში, ორი შემადგენლობა ათამაშა.

მოედანზე 90 წუთი მხოლოდ ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ გაატარა. ვოლგოგრადელთა სასტარტო ჩამონათვალში კიდევ ოთხი ქართველი მოხვდა – ილია ბერიაშვილი (რომელსაც ჯერ კიდევ აკვირდებიან), ნიკა ყიფიანი, ზუკა დავითაშვილი და გიორგი არაბიძე. ამ მატჩით ვოლგოგრადის „როტორმა“ ზამთრის პირველი შეკრება დაასრულა.