„როტორი“ თურქულ შეკრებაზეა - გუნდს ბერიაშვილი დროებით გამოაკლდა
„როტორი“ თურქულ შეკრებაზეა - გუნდს ბერიაშვილი დროებით გამოაკლდა

ვოლგოგრადის „როტორი“, სადაც ხუთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, თურქეთში მეორე შეკრების ჩასატარებლად გაემგზავრა. ცნობილი გახდა გუნდის საკონტროლო მატჩების განრიგიც.

მეორე შეკრებაზე „როტორმა“ სამი საკონტროლო მატჩი დაგეგმა. 5 თებერვალს ალექსანდრე ხაცკევიჩის გუნდი ბულგარულ „სლავიას“ შეხვდება, 6 თებერვალს ვოლგოგრადელები მონტენეგროს „ბუდუჩნოსტთან“ ითამაშებენ, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. „როტორის“ მესამე მეტოქე ტაშკენტის „ლოკომოტივი“ იქნება, სადაც საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კახა მახარაძე გამოდის.

როტორის“ მეორე შეკრებაზე გუნდს აღარ გაყვება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „თელავის“ მცველი ილია ბერიაშვილი, რომელიც გუნდს პირველ შეკრებაზე იმყოფებოდა. ვოლგოგრადელებმა „თელავთან“ წინასწარი კონტრაქტი გააფორმეს, მაგრამ ბერიაშვილი მაისამდე გუნდში ლეგიონერებზე ლიმიტის გამო ვერ დატოვეს. ზაფხულიდან კი, დიდი ალბათობით, „როტორს“ შეუერთდება.

ვოლგოგრადის „როტორს“ მეორე თურქულ შეკრებაზე ემზადებიან საბა კვირკველია, ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი არაბიძე.