„როსატომმა“ სამხედრო პოლიგონზე აფეთქების დეტალები გაასაჯაროა
„როსატომმა“ სამხედრო პოლიგონზე აფეთქების დეტალები გაასაჯაროა

„როსატომმა“ სევეროდვინსკთან, სამხედრო პოლიგონზე აფეთქების დეტალები გაასაჯაროა. ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციის ცნობით, 8 აგვისტოს მომხდარი აფეთქება რადიოიზოტოპური ენერგიის შემცველი ძრავის მქონე რაკეტის გამოცდის დროს მოხდა, რასაც ხუთი ადამიანი შეეწირა, სამი კი დაშავდა.

„როსატომის“ ინფორმაციით, ოფშორულ პლატფორმაზე, ცდის დასრულების შემდეგ, რაკეტის საწვავს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც დეტონაცია გამოიწვია. აფეთქების შედეგად გამოწვეულმა ტალღამ რამდენიმე თანამშრომელი წყალში გადააგდო. მათი სამძებრო სამუშაოები გარკვეული ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც, მათი გარდაცვალების შესახებ განაცხადეს.

აფეთქების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციული ფონის მომატების შესახებ განაცხადა, თუმცა, მათი ინფორმაციით, ეს მხოლოდ რამდენიმე ათეული წუთი გაგრძელდა.