რონი ო'სალივანი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი გახდა
რონი ო'სალივანი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი გახდა

ლეგენდარული ბრიტანელი სნუკერისტი რონი ო’სალივანი კარიერაში მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ფინალში მან გაანადგურა რეიტინგის მერვე ნომერი კირან უილსონი – 18:8.

ფინალური სერიის პირველი დღე ო’სალივანმა 8:2 გაქცევით დაიწყო, მაგრამ მომდევნო სესიაში უილსონმა შვიდი ფრეიმიდან ხუთი მოიგო და სხვაობა შეამცირა. შესვენებაზე მოთამაშეები ასეთი ანგარიშით წავიდნენ – 10:7 ო’სალივანის სასარგებლოდ.

კვირას, რონიმ დღის სესიაში უშანსოდ დატოვა მეტოქე – რვიდან შვიდი პარტია აიღო და გადამწყვეტი სესიის წინ, 17:8 დაწინაურდა.

ფინალის ბოლო ნაწილში ო’სალივანმა ის ერთი ფრეიმი მოიგო, რომელიც საბოლოო ტრიუმფისთვის სჭირდებოდა. თასის გარდა, ინგლისელს საპრიზო თანხა – 552.5 ათასი ევრო გადაეცა.

ო’სალივანი მოქმედ მოთამაშეებს შორის ყველაზე ტიტულოვანია – ტურში არც ერთ სხვა სნუკერისტს არ აქვს ექვსი ჩემპიონობა.