რონალდ რეიგანზე თავდამსხმელს, ჯონ ჰინკლის ყველა სასამართლო შეზღუდვა მოეხსნება
რონალდ რეიგანზე თავდამსხმელს, ჯონ ჰინკლის ყველა სასამართლო შეზღუდვა მოეხსნება

აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე თავდამსხმელს, ჯონ ჰინკლის ყველა სასამართლო შეზღუდვა მოეხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც კოლუმბიის ოლქში გამართულ სასამართლო მოსმენაზე მოსამართლე პოლ ფრიდმანმა განაცხადა, მან ჰინკლის უპირობო გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. 2016 წელს ფრიდმანმა ჰინკლის უფლება მისცა, დაეტოვებინა ვაშინგტონის ფსიქიატრიული ჰოსპიტალი, სადაც ამ უკანასკნელმა ბოლო სამი ათეული წელი გაატარა, თუმცა მას დაუწესდა შეზღუდვები გადაადგილებასა და ინტერნეტის გამოყენებაზე. ახლა კი მოსამართლე ფრიდმანმა განაცხადა, რომ ის გეგმავს, მსჯავრდებულს ეს უკანასკნელი შეზღუდვებიც მოუხსნას. მოსამართლის განმარტებით, ჰინკლის მენტალური პრობლემები რემისიის პროცესშია და ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. შესაბამის წერილობით განკარგულებას მოსამართლე მიმდინარე კვირის ბოლოს გამოსცემს.

როგორც სასამართლო სხდომაზე ფედერალურმა პროკურორმა კეისი უესტონმა განაცხადა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას ჰინკლის უპირობო გათავისუფლების შესახებ, თუმცა ითხოვს, რომ ფორმალურად მას შეზღუდვები არ მოეხსნას 2022 წლის ივნისამდე, რათა პროკურატურამ აღნიშნულ პერიოდში მისი მონიტორინგის გაგრძელება შეძლოს.

რონალდ რეიგანზე თავდასხმა 1981 წლის 30 მარტს ვაშინგტონში განხორციელდა. პრეზიდენტს სასტუმროდან გამოსვლისას გაუხსნეს ცეცხლი. თავდასხმისას რონალდ რეიგანი დაიჭრა. ტყვია მას ფილტვში მოხვდა. ასევე, დაშავდა პრეზიდენტის თანმხლები სამი პირი – თეთრი სახლის პრესმდივანი ჯეიმს ბრეიდი, საიდუმლო სამსახურის აგენტი ტიმოტი მაკკარტი და ვაშინგტონის პოლიციის ოფიცერი თომას დელაჰანთი. 1982 წელს სასამართლომ ჯონ ჰინკლი შეურაცხადად ცნო.