რონალდ დე ბური, სტეკელენბურგი, სიმ დე იონგი – „აიაქსისა“ და „დინამო თბილისის“ ლეგენდების მატჩის კიდევ სამი მონაწილე ცნობილია #1TVSPORT

21:53, 16.09.2025

„დინამო თბილისის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლეგენდების მატჩის კიდევ სამი მონაწილე ცნობილია, – ინფორმაციას მატჩის ორგანიზატორი Sports Orient-ი და თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებენ.

თბილისში გვესტუმრება რონალდ დე ბური. გამორჩეულ ნიდერლანდელ ნახევარმცველს „აიაქსის“ რიგებში 307 მატჩი აქვს ჩატარებული. კლუბთან ერთად ხუთჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელ მოიგო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ – სუპერთასი. გარდა ამისა, იგი 1994 და 1996 წლებში ნიდერლანდების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ჩამოვა მაარტენ სტეკელენბურგი – მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ მეკარეს „აიაქსის“ შემადგენლობაში 311 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ნიდერლანდელმა კლუბთან ერთად ოთხჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და ოთხჯერ – თასის გათამაშება.

ლეგენდების თამაშში მონაწილეობას მიიღებს სიმ დე იონგიც – თანამედროვე „აიაქსის“ ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი. მან კლუბის მაისურით 88 გოლი გაიტანა და, სტეკელენბურგის მსგავსად, ოთხჯერ გახდა ნიდერლანდების ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისისა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდები ერთმანეთს 19 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი