რომში „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა #1TVSPORT
რომში „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა #1TVSPORT

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025“-ის დაწყებამდე 53 დღით ადრე, 19 დეკემბერს, რომში, უძველესი ისტორიული საზოგადოებრივი კომპლექსის, Mercati di Traiano-ს სივრცეში „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების ცერემონია გაიმართა.

სიმბოლური ღონისძიების მონაწილეები იყვნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, იტალიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელები, ასევე ახალგაზრდა სპორტსმენები და ანსამბლ „ბასიანის“ წევრები.

სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ „საქართველო რამდენიმე წელია, გულმოდგინედ ემზადება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის. ემზადება იმისთვის, რომ ნამდვილი სპორტული დღესასწაული აჩუქოს ევროპის 48 ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენებს. საქართველო მოუთმენლად ელის „მშვიდობის ცეცხლის“ გამოჩენას ჯერ თბილისში, შემდეგ ქვეყნის რეგიონებში, ბოლოს კი ბაკურიანში, სადაც 9 თებერვალს საზეიმოდ აინთება მარადიული ქალაქიდან ჩატანილი ცეცხლი. ჩვენ უკვე გვაქვს 2015 წლის ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის წარმატებული ჩატარების გამოცდილება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასევე წარმატებული იქნება „ბაკურიანი 2025“-ის ფესტივალი“, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

სპიროს კაპრალოსმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების სიმბოლო – ზეთისხილის ხე გადასცა ლერი ხაბელოვს. ჩირაღდანი კი „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა ხაბარელმა ჩაიბარა, რომელმაც ის 2017 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორს, მოციგურავე ნიკა ეგაძესა და ახალგაზრდა სამთო-მოთხილამურეს, ანასტასია მირიანაშვილს გადასცა.