რომის პაპი „მშვიდობის მატჩის“ მონაწილეებს შეხვდა - სტუმრებში არველაძეც იმყოფებოდა [ვიდეო] #1TVSPORT
რომის პაპი „მშვიდობის მატჩის“ მონაწილეებს შეხვდა - სტუმრებში არველაძეც იმყოფებოდა [ვიდეო] #1TVSPORT

სტადიო ოლიმპიკოზე“ დიეგო მარადონასადმი მიძღვნილი საქველმოქმედო შეხვედრა, რომელშიც შოთა არველაძეც მონაწილეობდა (დუბლი შეასრულა), რომის პაპის კურთხევით და მისი საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით გაიმართა, – ამის შესახებ წერილი vaticannews-მა გამოაქვეყნა.

რომის პაპმა „მშვიდობის მატჩის“ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა

„პაპი ფრანცისკე რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ დაგეგმილი მატჩის წინ ფეხბურთელებს შეხვდა. „მშვიდობის მატჩი“, რომელიც ორგანიზებული იყო პაპის ფონდის Scholas happenrentes-ის მიერ, რომის ოლიმპიურ სტადიონზე რომის პაპ ფრანცისკეს მხარდაჭერითა და ლოცვა-კურთხევით მესამედ გაიმართა. პირველი ორი მატჩი 2014 წლის 1-ელ სექტემბერს და 2016 წლის 12 ოქტომბერს ჩატარდა. წლევანდელი მატჩით პატივი მიაგეს საფეხბურთო ლეგენდას, დიეგო მარადონას, რომელიც წინა ორივე მატჩში მონაწილეობდა და 2020 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.

მატჩის (რომლის დევიზი იყო „ვთამაშობთ მშვიდობისთვის“) დაწყებამდე რომის პაპმა მსოფლიოს ცნობილ ფეხბურთელებს, ორგანიზატორებსა და მათ ოჯახებს ვატიკანის პავლე VI-ს დარბაზში უმასპინძლა.

„მშვიდობა არის მეგობრობისთვის და არა იმისთვის, რომ ხელში ქვა ავიღოთ და ერთმანეთს ვესროლოთ. ეს მატჩში არის მშვიდობისთვის და ​​შესაძლოა, პატარა მცდელობაა, მაგრამ შეუძლია შეცვალოს სამყარო. მადლობა დღევანდელი თამაშისთვის, რადგან ამბობთ – „ჩვენ გვინდა მშვიდობა“ სამყაროში, რომელიც მუდამ ომს და ნგრევას ეძებს“, – განაცხადა რომის პაპმა.

აღსანიშნავია, რომ „მატჩს მშვიდობისთვის“ ცნობილი ფეხბურთელები მშვიდობის განმტკიცების მიზნით უფასოდ თამაშობენ. შეხვედრის მიზანია, დაეხმარონ ღარიბ მოსახლეობას და იზრუნონ ბავშვებზე. დაარსების დღიდან Scholas-ი, ამჟამად პაპის ფონდი, გადაიზარდა სკოლების მსოფლიო ქსელად, რომლებიც იზიარებენ საერთო მიზნებს. Scholas happenrentes-ის პროექტის განხორციელება დაიწყო ბუენოს აირესის ღარიბ რაიონებში იმდროინდელი კარდინალის, ხორხე მარიო ბერგოლიოს, ახლანდელი პაპ ფრანცისკეს ინიციატივით“.

საქველმოქმედო მატჩში ითამაშა მარადონას შვილმა, დიეგო ჯუნიორმა, ასევე მისმა შვილიშვილმა, 13 წლის ბენჯამინ აგუერომ.