რომის პაპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს
რომის პაპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს

მე ვთხოვ ყველას, სახელმწიფოების მეთაურებს, კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და არა კონკურენციას, რათა გამოსავალი ყველასთვის იპოვონ – ვაქცინები ყველასთვის – განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი და გაჭირვებული პირებისთვის პლანეტის ყველა ნაწილში. ყველაზე დაუცველები და გაჭირვებულები პირველები უნდა იყვნენ, – განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკენ ტრადიციულ საშობაო გზავნილში. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პაპი ფრანცისკეს განცხადებით, ისტორიის ამ მომენტში, ეკოლოგიური კრიზისის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური დისბალანსის ფონზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ მხოლოდ გააუარესა, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ერთმანეთი დებად და ძმებად მივიღოთ.

მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. პაპმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანმრთელობა არის საერთაშორისო საკითხი და ეგრეთ წოდებული „ვაქცინის ნაციონალიზმი“ გააკრიტიკა.

რომის პაპმა სირიაში, იემენში, ლიბიაში, მთიან ყარაბაღში, სამხრეთ სუდანში, ნიგერიაში, კამერუნსა და ერაყში მშვიდობის დამყარებაზეც გააკეთა მოწოდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიაში დაწესებული შეზღუდვების გამო, პაპმა მიმართვა ვატიკანის კათედრიდან გააკეთა. ტრადიციულად, პაპი საშობაო გზავნილს წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან ათი ათასობით ადამიანის თანდასწრებით კითხულობს.