რომის „მასტერსის“ ფინალში ჯოკოვიჩისა და ნადალის 54-ე შეხვედრა გაიმართება
რომის „მასტერსის“ ფინალში ჯოკოვიჩისა და ნადალის 54-ე შეხვედრა გაიმართება

დღეს, რომის „მასტერსის“ ფინალში კლასიკური დაპირისპირება შედგება – ერთმანეთს 54-ედ შეხვდებიან სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რაფაელ ნადალი. ორივეს კარიერაში 33-33 „მასტერსი“ აქვს მოგებული, ასე რომ, ეს არის მატჩი ამ მაჩვენებლით აბსოლუტური ლიდერობისთვის.

წლევანდელ სეზონში ნადალს ჯერ ტიტული არ მოუგია – ის მონტე კარლოს, ბარსელონასა და მადრიდის გრუნტზე ნახევარფინალზე შორს ვერ წავიდა, ჯოკოვიჩმა კი გასულ კვირას მადრიდის „მასტერსის“ მოგება მოახერხა.

რომში ჯოკოვიჩის გზა ფინალამდე გაცილებით რთული იყო. მან მეოთხედფინალში ორი მატჩბოლი მოიგერია არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგ და ასევე სამი სეტის თამაში დასჭირდა ნახევარფინალში კიდევ ერთ არგენტინელთან – დიეგო შვარცმანთან. ნადალმა კი ფინალამდე სეტის წაუგებლად მიაღწია და მხოლოდ 13 გეიმი წააგო. ესპანელმა ერთადერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება (31/32, 97 %) და მეტოქეთა 29 გეიმიდან 21 მოიგო (76 %). სერბმა კორტზე ჯამში ხუთი საათი და 34 წუთი გაატარა, ნადალმა – სამი საათი და 22 წუთი.

რაც შეეხება ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრების ანგარიშს, ჯოკოვიჩი წინ არის – 28:25.