რომან კაკულია - პროპორციული სისტემა იყო დათმობა ოპოზიციის მიმართ, რა დაპირებაც იყო, ისე უნდა გაგრძელდეს
რომან კაკულია - პროპორციული სისტემა იყო დათმობა ოპოზიციის მიმართ, რა დაპირებაც იყო, ისე უნდა გაგრძელდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, რომან კაკულიას მიაჩნია, რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით რა დაპირებაც იყო, ისე უნდა გაგრძელდეს.

როგორც კაკულიამ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პროპორციული სისტემა იყო დათმობა ოპოზიციის მიმართ და არა საზოგადოების მიმართ.

„არ ველოდები, რომ ცვლილება იქნება. მგონია, რომ რა დაპირებაც იყო, ისე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანები გააღიზიანა ბევრი პოლიტიკოსის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ ამ პროცესის მიმართ, რადგან პროცესი არა მარტო დემოკრატიის განვითარებას, არამედ პოპულიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს და მგონი, ამან გადაასწრო.

ადამიანებს ჰქონდათ შეგრძნება, რომ ისინი ამ პროცესის თანამონაწილენი იყვნენ. ამდენმა ძახილმა, რომ იძულებით და ძალით გაეკეთებინათ ყველაფერი, არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანებში, ვისაც სურდა ამ პროცესის თანამონაწილე ყოფილიყო, უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. პროპორციული სისტემა იყო დათმობა ოპოზიციის მიმართ, არა საზოგადოების მიმართ. არ გავაზვიადოთ, მიუხედავად იმისა, რომ 10000 კაციც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კაკულიამ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.