რომან გოცირიძე - ვის გაუგია, როდესაც ხალხი სულს ღაფავს შიმშილისგან, 133 მილიონი მუთაქაში იყოს შენახული
რომან გოცირიძე - ვის გაუგია, როდესაც ხალხი სულს ღაფავს შიმშილისგან, 133 მილიონი მუთაქაში იყოს შენახული

ვის გაუგია, როდესაც ხალხი სულს ღაფავს შიმშილისგან, 133 მილიონი მუთაქაში იყოს შენახული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა, რომან გოცირიძემ მიმართა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც ინტერპელაციის წესით შეკითხვებს პასუხობს.

გოცირიძის შეფასებით, არაფერი თავმოსაწონი ორი დღის წინ პრემიერის გამოსვლაში არ იყო.

„ორი დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის 11-საათიანი მოხსენება და აქედან ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი ზუსტი პასუხი, ვერც ერთი დამაიმედებელი პასუხი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს რაიმე სიმშვიდეს, დახმარებას ან მხარდაჭერას მოუტანდა.

ჩვენი შეკითხვა ეხება სიღარიბეს. თქვენ, ბატონო პრემიერო, იცოდით რა, რომ ინტერპელაციით მოდიოდით 29-ში, თავად გადაწყვიტეთ, ორი დღით ადრე გამოცხადებულიყავით აქ და ფიქრობდით, რომ ორჯერ მოსვლით გექნებოდათ თავმოსაწონი ჩვენი მოქალაქეებისათვის. მგონი, მესამეჯერაც აპირებთ მოსვლას ივნისში. არაფერი თავმოსაწონი თქვენი გუშინწინდელი გამოსვლიდან არ იყო. ჩვენ დავინახეთ ერთი, რომ საქართველოს მთავრობა არის ერთადერთი ხელისუფლება მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსის პერიოდში არ გაუწია საკუთარ მოქალაქეებს არც ერთი თეთრი ფინანსური დახმარება. ასეთი რამ არ მომხდარა არც ჩვენს სამეზობლოში და არსად მსოფლიოში. სახლში გამოკეტილი ხალხი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ფაქტობრივად გაწირეთ შიმშილისათვის.

ჩვენ ვისმენთ უამრავ დაპირებას, მათ შორის ერთ-ერთი პრეზენტაცია მოაწყვეთ გუშინ ღია ცის ქვეშ და თურმე, თქვენ ჰპირდებით ადამიანებს ბინების აშენებას და ასევე, იმ ადამიანებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს გაორმაგებული ტემპით აუშენებთ თურმე ბინებს, 150 მილიონი ერთში გამოყავით, 75 მილიონი მეორეში და ა.შ. სინამდვილეში ეს არის კორუფციული გეგმა, ბატონო პრემიერო. თქვენთან დაახლოებული, დეპუტატებთან დაახლოებული, თბილისის მერიასთან და საერთოდ ხელისუფლებასთან და ივანიშვილთან დაახლოებული სამშენებლო კომპანიებისთვის ფულის შოვნის სქემა. ეხმარებით მშენებლებს და გინდათ, მოასწროთ ახლა ამ ოთხ თვეში, ვინაიდან ოქტომბერში არ იქნებით თქვენ და არ გექნებათ ამის შანსი. გინდათ, საერთაშორისო დახმარებები, რომელიც ახლა კრედიტების სახით მოდის, საკუთარ ბიზნესებს წაახმაროთ. რომელ სამშენებლო სუბსიდირებაზეა საუბარი, როდესაც ხალხს შია“, – განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, არც ერთი თეთრი არ დახარჯულა კორონავირუსის 130 მილიონიანი ფონდიდან.

„სად არის ივანიშვილის 100 მილიონი? არჩევნებისთვის ინახავთ, თქვენ თქვით, რეზერვებად გვინდა შევინახოთო. სად არის 33 მილიონი ამ ფონდიდან, რომელიც ბიზნესმა შეიტანა? ვის გაუგია, უმძიმეს მდგომარეობაში, როდესაც ხალხი სულს ღაფავს შიმშილისგან, 133 მილიონი მუთაქაში გქონდეთ გამოდებული და შენახული? რატომ არ გაეცით ეს ფული? თუ კვლავ გინდათ, როგორც 80 მილიონზე გააკეთა ივანიშვილმა სტიქიის დროს, უკან დაუბრუნოთ. თუ ვერ ბედავთ ივანიშვილის ასე ვთქვათ ფულის ხელის ხლებას? თუ საერთოდ არის კი ეს ფული? არსებობს კი ეს 100 მილიონი?“, – მიმართა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს.

გოცირიძის თქმით, „საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მოშიმშილე ქვეყანა მსოფლიოში“.

„რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ იმის დამადასტურებლად, თუ რა მძიმედ მდგომარეობაშია ქვეყანა და როგორ ვართ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში რეგიონში. გიყვართ ხოლმე რეგიონთან შედარება. არათუ რეგიონში, არამედ ხშირ შემთხვევაში, მთელ მსოფლიოშიც კი. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც კორონავირუსისა და ამ ნავთობის კრიზისის პერიოდში, რომლის ეკონომიკა არის ყველაზე დაუძლურებული, ყველაზე სუსტი, ყველაზე მოწყვლადია მსოფლიოს 63 ქვეყანას შორის, რომლის კვლევა გააკეთა ევროპის საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ. 63 ქვეყანა გამოიკვლიეს, ვართ 63-ე ადგილზე. 62-ე არის თურქეთი. 61-ე არგენტინა. ანუ საქართველოს ეკონომიკა არის იმდენად დასუსტებული და დაუძლურებული, ამ რვა წლის განმავლობაში იმდენად ცუდი პოლიტიკა აწარმოეთ, კორონავირუსის ამ კრიზისმა ყველაზე მძიმე და საშინელი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას.

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მოშიმშილე ქვეყანა მსოფლიოში. აგერ, შიმშილის მსოფლიო ინდექსი 2019 წლის მიხედვი – საქართველო არის რეგიონში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში. მას უსწრებს თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი, ირანი, სერბეთი, უკრაინა, ბელარუსი. ყველაზე მეტად ხალხი შიმშილობს საქართველოში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.