რომან გოცირიძე – თაღლითი შეიძლება იყოს ქართველიც და ებრაელიც, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ლექსიკა, პოზიტიური დისკრიმინაცია
ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ლექსიკა, თაღლითი შეიძლება იყოს ქართველიც, ებრაელიც, რუსიც და ა.შ., – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” წევრი დეპუტატი რომან გოცირიძე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიერ ისრაელიდან ჩამოსული ებრაელი ექსპერტის „ებრაელ აფერისტად” მოხსენიების ფაქტს.
რომან გოცირიძის შეფასებით, ეს არის პოზიტიური დისკრიმინაცია.
„როდესაც გვესმის, რომ გრიგოლ ვაშაძეს ჰყავს რუსი „პიარშიკები“, ეს არის თურმე პოლიტკორექტული გამოთქმა და ებრაელი „პიარშიკი“ ყოფილა არაპოლიტკორექტული. ქართველი მომღერალია ან სომეხი ფეხბურთელი, ან თუნდაც რომელიღაც ქართველი აფერისტი პოლიტიკოსი თურმე ჩვეულებრივი მოვლენაა და ებრაელს თუ ვახსენებთ ამ კონტექსტში არა? სხვათა შორის, ეს არის პოზიტიური დისკრიმინაცია. თითქოსდა, როდესაც ჩვენ გვინდა ვახსენოთ ებრაელი, აუცილებლად უნდა ვთქვათ, მომღერალი ისრაელიდან, ან „პიარშიკები“ ისრაელიდან არიან ცუდები. ეს თითიდან გამოწოვილი თემაა, ებრაელის ხსენებისას ასეთი დამაფიქრებელი, ასე ვთქვათ, აქცენტების დასმა თავისთავად არის ნეგატიური და დისკრიმინაციული მიდგომა. რუსი „პიარშიკები“ -ამბობთ ხომ? ჩვენ ვამბობთ იმათ ჰყავთ ებრაელი „პიარშიკები“. რა განსხვავებაა ამაში? ისინი ამბობენ, რომ რუსი „პიარშიკები“ ჩამოიყვანა ვაშაძემ , რომლებიც ემსახურება პუტინს. ჩვენ ვამბობთ, რომ ებრაელი „პიარშიკები“ ჩამოიყვანა ივანიშვილმა, რომლებიც არიან თაღლითები და რუმინეთში და სხვაგან დაამტკიცეს ეს. განსახვავება ამ სიტყვაში არის? ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ლექსიკა, თაღლითი შეიძლება იყოს ქართველიც, ებრაელიც, რუსიც და ა.შ. საქართველოს პარლამენტში ძალიან ბევრი თაღლითი და აფერისტი დეპუტატი დადის“, – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ სოციალურ ქსელში ისაუბრა და მას ებრაელი აფერისტი უწოდა.