რომან გოცირიძე - სამარცხვინო იყო ავსტრიელი მინისტრი, რომელმაც პუტინი ქორწილში დაპატიჟა, ვალსს ჩახუტებული ეცეკვებოდა და ამას თუ ვიტყვი, ანტიდასავლური განწყობის შექმნაა?
რომან გოცირიძე - სამარცხვინო იყო ავსტრიელი მინისტრი, რომელმაც პუტინი ქორწილში დაპატიჟა, ვალსს ჩახუტებული ეცეკვებოდა და ამას თუ ვიტყვი, ანტიდასავლური განწყობის შექმნაა?

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის მიმართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმული პრეტენზიები სწორი იყო და სჯობს, ხანდახან სიმართლე არადიპლომატიური ენითაც ილაპარაკო.

ჟურნალისტებთან საუბრისას რომან გოცირიძე აგვისტოს ომის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი რამ მას შემდეგ გახდა ნათელი, რაც რუსეთმა საქართველოს მსგავსი ქმედებები ყირიმში, დონბასში გაიმეორა, დასავლეთის ბევრ ლიდერს თვალი მოგვიანებით აეხილა და დღეს სინანულით ამბობენ, რომ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით არ მიიღეს შესაბამისი ზომები, რადგან რუსეთის დეზინფორმაციამ და სხვა ფაქტორებმა გარკვეულწილად იმუშავა. დეპუტატის თქმით, უკრაინის შემდეგ ყველამ ნათლად იცის, თუ რა მოხდა საქართველოში, აგვისტოში.

„დასავლელი ლიდერების მიერ მონანიების გარკვეული ნოტებიც კი გაისმის. მიხეილ სააკაშვილის შეფასებები სწორია მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მკაცრია. რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის არც ერთი მუხლი არ შეასრულა და ამ ხელშეკრულების დარღვევისთვის რუსეთისთვის არავითარი სანქცია არ დაუწესებიათ განსხვავებით, უკრაინის შემთხვევისგან. ამიტომ, დასავლეთის მიმართ პრეტენზიები სწორი იყო.

რაც შეეხება პუტინისადმი ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის დამოკიდებულებას, რაღა შორს წავიდეთ, გერმანიის კანცლერი შროდერი არის „გაზპრომის“ დაქირავებული პირი. ფულის გამო ევროპაში რუსულ ინტერესებს ლობირებს. ეს სამარცხვინო ფაქტი არ არის და ენის მოჩლექით ვილაპარაკოთ იმის გამო, რომ მეგობარი სახელმწიფოს ყოფილი ლიდერი იყო და ამაზე თვალი დავხუჭოთ? ან თვალი დავხუჭოთ იმაზე, რომ ავსტრიელმა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა საკუთარ ქორწილში პუტინი დაპატიჟა და მთელ მსოფლიოს მოედო სურათი, ჩახუტებული როგორ არიან და სისხლიანი ხელების მქონე პუტინთან ვალს როგორ ცეკვავს. თვალი დავხუჭოთ და ვთქვათ, რომ ავსტრია ჩვენი მეგობარია, დასავლური სახელმწიფოა, მაგრამ მისი საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინთან ვალსს ცეკვავს? რა აუცილებელია, რომ პუტინი ყირიმის ანექსიის შემდეგ ქორწილში მიიწვიო?

ხანდახან, არადიპლომატიური ენითაც უნდა ილაპარაკო. მიხეილ სააკაშვილისა და ჩემი ნათქვამი სიმართლეა, არადიპლომატიური ენით ნათქვამი, რაც ზოგ შემთხვევაში საჭიროა”, – განაცხადა გოცირიძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მიდგომა არის, რომ დასავლური შეცდომები არ უნდა გააკრიტიკონ, რომ მოსახლეობაში ანტიდასავლური და ნიჰილისტური განწყობები არ გაჩნდეს, მაგრამ სიმართლის თქმა ყოველთვის კარგია.

„არავითარი ანტიდასავლური განწყობილება არ იქმნება, თუ ვიტყვი, რომ სამარცხვინო იყო ავსტრიელი ქალბატონი, რომელმაც პუტინი თავის ქორწილში დაპატიჟა და ჩახუტებული ვალსს ეცეკვებოდა. ამას თუ ვიტყვი, ანტიდასავლური განწყობის შექმნაა? შეცდომები იქაურ ლიდერებსაც მოსდით, რომლებიც ისტორიულ სანაგვეზე მიდიან, როგორც გერმანელი კანცლერი შროდერი, რომელიც პუტინის მონაა და ფულისა და შემოსავლის გამო, რუსეთის ინტერესებს ლობირებს. ეს ანტიდასავლური განწყობის გაღვივებაა? სიმართლე ყველაზე სწორია, თუნდაც არადიპლომატიური ენით თქვა. მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი სიმართლე იყო, არადიპლომატიური ენით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.