რომან გოცირიძე - სააკაშვილის მიერ „სამი გოჭის“ დარიგება კრიმინალი​ ყოფილა და სალომე ზურაბიშვილის მიერ კლარნეტის ყიდვა - კულტურისთვის გაწეული დანახარჯი
რომან გოცირიძე - სააკაშვილის მიერ „სამი გოჭის“ დარიგება კრიმინალი​ ყოფილა და სალომე ზურაბიშვილის მიერ კლარნეტის ყიდვა - კულტურისთვის გაწეული დანახარჯი

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას ედავებიან ზუსტად იგივე ხარჯებისთვის, რომელიც ივანიშვილის დანიშნულმა პრეზიდენტმა გაწია,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ  სამარცხვინო პროცესები მიმდინარეობს.

„ ნუ მივუდგებით შერჩევითი პრინციპით სასამართლო კლანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ანუ ერთი ადამიანის დროს გაწეული ხარჯები არის კრიმინალი, ხოლო მისი შემცვლელის დროს გაწეული ხარჯები, რომელიც არ გაასაჯაროვა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და არც ახლა ასაჯაროებენ, თურმე ყოფილა კანონიერი. ეს არის სამარცხვინო პროცესი, როდესაც სააკაშვილს ედავებიან პრეზიდენტ იუშჩენკოს აბანოს ხარჯებისთვის, ბავშვებისთვის წიგნების დარიგებისთვის,  ყურბან ბაირამის დროს აზერბაიჯანულ სოფელში ცხვრის დაკვლისთვის და ამას ყველაფერს დანაშაულს უწოდებენ. ქალბატონმა ზურაბიშვილმა კლარნეტი რომ უყიდა მუსიკოსს, ეს არ არის დანაშაული? მისი სიტყვებით „კლარინეტის“ ყიდვის საშუალებას თურმე ბიუჯეტი იძლეოდა, ეს ყოფილა კულტურის განვითარებისთვის გაწეული ხარჯები და „სამი გოჭი“ რომ უყიდა სააკაშვილის ადმინისტრაციამ ბავშვებს, თურმე ეს ყოფილა კრიმინალი. რა განსხვავებაა წიგნსა და კლარნეტს შორის, კლარნეტი ხმას გამოსცემს და წიგნი – არა? მაშინ ცხვარი რომ აჩუქა ის გავიყვანოთ კლარნეტის დონეზე, რადგან ცხვარიც ხმას გამოსცემს“,-განაცხადა რომან გოცირიძემ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული დევნა უსამართლობაა.

„როდესაც ვსაუბრობთ სასამართლო სისტემის ძირმომპალობაზე, კეთილი ვინებოთ და ვიყოთ ობიექტურები. ნუ მივუდგებით პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ვთქვათ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული დევნა არის უსამართლობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.