რომან გოცირიძე - პარლამენტში მსხდომების ნახევარზე მეტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და აქტიური მხარდამჭერი იყო
რომან გოცირიძე - პარლამენტში მსხდომების ნახევარზე მეტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და აქტიური მხარდამჭერი იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტში მსხდომების ნახევარზე მეტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და აქტიური მხარდამჭერი იყო. მისი თქმით, პარტია იმით არ უნდა გაიზომოს, ვინ სად იდგა წარსულში. ამის შესახებ მან ირაკლი ოქრუაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ახალ პარტიაზე საუბრისას აღნიშნა.

„საქართველოში დღეს ერთი რეალობაა – ივანიშვილის ერთმმართველობა. ამიტომ, ნებისმიერი პარტია თუ მოძრაობა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა აქვს, ღიად თუ განაცხადებს, რომ მისი მიზანი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაა, საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის კარგია. დღეს წყალგამოყოფი არის ერთი რამ, ხარ ივანიშვილის გვერდით თუ ხარ ივანიშვილის წინააღმდეგ. ამით იზომება დღეს ამა თუ იმ პარტიის საკითხი.

როცა წარსულს ვამბობ, ამ პარლამენტში მსხდომების ნახევარზე მეტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და აქტიური მხარდამჭერი იყო. ამიტომ, არ მგონია, რომ უნდა გაიზომოს ყველაფერი იმით, ვინ სად იდგა წარსულში. საქართველოში წარსულში ყოველი ხელისუფლების ცვლილებების დროს როგორც ელექტორატი, ისე პარტიული სიმპათიები იცვლებოდა.

დღეს მთავარი არის ერთი რამ. საქართველოს მომავალი ივანიშვილთან ერთად არ აქვს. ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ წავა, ის პროგრესის მხარეზე იქნება. ასე ვაფასებთ ნებისმიერი ახალი პარტიის გაჩენას.

მათ შორის, „ქართულ ოცნებას“ გამოყოფილი დეპუტატები, რომელებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ, მაგრამ ივანიშვილის სახელის ხსენება ერიდებათ. „ქართული ოცნებიდან“ განდევნილი ახალი პოლიტიკური ჯგუფები სანამ ივანიშვილს ღიად არ გააკრიტიკებენ, ჩვენ ჩავთვლით „ოცნების“ მოწინააღმდეგედ, ოღონდ ივანიშვილის ბანაკში მყოფ ადამიანად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ირაკლი ოქრუაშვილის, გუბაზ სანიკიძის, კოტე კემულარიასა და ვალერი გელბახიანის ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია დღეს გაიმართება.