რომან გოცირიძე - ნიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოვარდება
რომან გოცირიძე - ნიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოვარდება

ნიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოვარდება, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე. გოცირიძე აცხადებს, რომ იწყება დიქტატურა.

„ქვეყანაში აპატიმრებენ წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, იწყება დიქტატურა, პოლიტიკური რეპრესიები. ეს არის ივანიშვილის უგუნური გადაწყვეტილება, რომელმაც ამ თავის ლაქიებს, ბიუროზე მსხდომ ადამიანებს დაავალა ასეთი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილების გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხვალ უყრიან კენჭს. მინდა, მივმართო უმრავლესობის წევრებს, კარგად დაფიქრდნენ და ამის შემდეგ მიიღონ შეგნებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაასამართლებს ისტორია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, გიორგი გახარიას დასჯის ნაცვლად შოუ დადგეს.

„შოუთი გახარიას პარლამენტში მოსვლის ამ გარკვეული პრელუდიით ზეიმი სურთ. ნიკა მელიას მხრიდან არავითარი მოწოდება არ ყოფილა.

ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ხაზი გადაკვეთა. ნიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოუცვივდება – გადატანითი მნიშვნელობით, მას თითსაც ვერ დააკარებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.