რომან გოცირიძე - მას შემდეგ, რაც ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობას დატოვებს, მეზობლის კატებიც კი სხვანაირად მოიქცევიან
რომან გოცირიძე - მას შემდეგ, რაც ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობას დატოვებს, მეზობლის კატებიც კი სხვანაირად მოიქცევიან

მას შემდეგ, რაც ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობას დატოვებს, მეზობლის კატებიც კი სხვანაირად მოიქცევიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, ზვიად კვაჭანტირაძისთვის კარგია, „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ მასთან დაკავშირებით რაც ხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, მინდა, ბატონ ზვიადს ვუთხრა, რომ პირიქით, მისთვის ძალიან კარგია, რაც ხდება. მან თავადაც აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებიდან“ წავიდა, მეზობლები განსაკუთრებული სითბოთი ესალმებიან. მერე ვნახეთ სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც ის ძაღლს ასეირნებდა ეზოში და ყველამ დავინახეთ მეზობლის ძაღლები, თუ როგორ ღიმილიანი და თბილი შეხვედრით ესალმებოდნენ მის ძაღლს. მას შემდეგ, რაც ის გადადგება კომიტეტის თანამდებობიდან და ამ პოსტსაც დათმობს, მეზობლის კატებიც კი აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცევიან. ასე რომ, „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა არის სირცხვილი. ამას ამბობენ ადამიანები, შინაური ცხოველები და ვინც მის ადგილს დაიკავებს, მას მეზობლებიც არ მიესალმებიან, არც ძაღლები, არც კატები და ღმერთმა სიკეთეში შეარგოს ეს კომიტეტი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.