რომან გოცირიძე - ბუტაფორია მინისტრების გადაადგილებით არაფერი იცვლება, მაგრამ ხანდახან ბუტაფორია მზიან ადგილზე რომ დადგა, შესაძლოა სხივები დაგიჩრდილოს
რომან გოცირიძე - ბუტაფორია მინისტრების გადაადგილებით არაფერი იცვლება, მაგრამ ხანდახან ბუტაფორია მზიან ადგილზე რომ დადგა, შესაძლოა სხივები დაგიჩრდილოს

​ბუტაფორია მინისტრების გადაადგილებით არაფერი იცვლება, მაგრამ ხანდახან ბუტაფორია მზიან ადგილზე რომ დადგა, შესაძლოა სხივები დაგიჩრდილოს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ქობულია ივანიშვილის ყველა დავალებას არ ასრულებდა.

„მინისტრები ივანიშვილის ხელში ბუტაფორიები არიან, ბუტაფორიების გადაადგილებით არსებითად არაფერი იცვლება, მაგრამ ხანდახან ბუტაფორიაც კი რაღაცას ხელს უშლის, მზიან ადგილზე რომ დადგა, შესაძლოა მზის სხივები დაგიჩრდილოს.

როგორც ჩანს, ქობულიამ ივანიშვილს სადღაც გადაურბინა. როგორც ამბობენ, ის ყველა მის დავალებას არ ასრულებდა, სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, რომლებიც მთავრობაში დატოვა. ფინანსთა სამინისტროში გაცილებით უარესი მდგომარეობაა, რომელსაც ეკონიმიკის მართვის რეალური ბერკეტები აქვს. ეკონომიკის სამინისტრო თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე მაინც მეორეხარისხოვანია. განათლების მინისტრი მასთან ერთად დაინიშნა და ხედავთ, განათლების სისტემაში როგორი სკანდალებია. მაგრამ სამი ახალი დანიშნულიდან ორი დატოვა, ერთი გაუშვა. ეკონომიკაში საქმე ცუდადაა, მაგრამ ეს მარტო ერთ მინისტრზე დამოკიდებული არ არის. ეს ივანიშვილის მმართველობის შედეგია.

ვიცით, რომ ორი თვე გიორგი ქობულია გაჯიუტებული იყო და გუშინ არც კი იცოდა, რომ ათავისუფლებდნენ. ისე მოხსნეს, რომ მერე იძულებული გახადეს, დათანხმებულიყო. თუ მას ღირსება აქვს, დღეს უნდა გამოვიდეს და ყველაფერი ღიად და ნათლად უნდა თქვას. თუ მას სურს, ივანიშვილის პოლიტიკური გუნდიდან ისევ მის ბიზნეს გუნდში დარჩეს, ბუნებრივია, ქობულია არაფერს იტყვის და ორაზროვანი კომენტარებით შემოიფარგლება. იტყვის თუ არა სიმართლეს, მასზეა დამოკიდებული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი ქობულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა და ეკონომიკის ახალ მინისტრად მისი მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნა.