რომან გოცირიძე - არ მივცემთ ხელისუფლებას უფლებას, მაჟორიტარების ბუნტი გაითამაშონ
რომან გოცირიძე - არ მივცემთ ხელისუფლებას უფლებას, მაჟორიტარების ბუნტი გაითამაშონ

„ნაციონალური მოძრაობა“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის თქმით, მახინჯი საარჩევნო სისტემა ისტორიას ბარდება და მათი პარტია ამას ხელს შეუწყობს.

„ფრაქცია მხარს დაუჭერს ახალ სისტემას, ეს იქნება ნულოვანი ბარიერით თუ განსხვავებული, ეს იქნება ბლოკების დაშვებით თუ მის გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში. არ მივცემთ ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ კვლავ გაითამაშონ მაჟორიტარების ბუნტი, როგორც ერთხელ მოხდა და ჩააგდეს, არ გავამეორებინებთ მსგავს ხრიკებს.

დღეს უკვე რვა მაჟორიტარმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც ისინი აპროტესტებენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ხელისუფლება შეეცდება, გამოიყენოს ასეთი შიდა დემარშები. იქნება განხილვები და ჩვენ საუკეთესო ვარიანტს შევთავაზებთ, მაგრამ წინასწარ ვაცხადებთ, რომ მხარს დავუჭერთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. რვა მაჟორიტარიდან ერთ-ერთი ოქრიაშვილი და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფებია. 30 წლის განმავლობაში არ ისმოდა რეგიონების ხმა, თითქოს მაჟორიტარები წარმოადგენენ რეგიონებს და ამით სპეკულირებენ, ნაცვლად რეგიონებისა, ისინი საკუთარ თავსა და ბიზნესს წარმოადგენენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.