რომან გოცირიძე არ აკონკრეტებს, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატი
რომან გოცირიძე არ აკონკრეტებს, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე არ აკონკრეტებს, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

როგორც საქართველოს პირველ არხს გოცირიძემ განუცხადა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, რაც პარტია ათ დღეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიას წარადგენს.

დეპუტატის თქმით, მსჯელობის საგანი იქნება ის, თუ ვინ უნდა იყოს წარდგენილი კანდიდატად, როდის და რა ფორმით – მხოლოდ პრემიერობის კაბინეტი იქნება დასახელებული, თუ ფარული კაბინეტი.

კითხვაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი, გოცირიძე აცხადებს, რომ ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.

„წინასწარ კაბინეტის შემადგენლობას ვერ გავამჟღავნებთ. გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს და კანდიდატს დაასახელებს. ეს წინასწარ რატომ უნდა ვთქვათ? მიხეილ სააკაშვილის პოზიცია როგორი არის, ამასაც მოგვიანებით გავიგებთ. რაც შეეხება სხვა პარტიების პოზიციას, ყველა პარტია თავის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დაასახელებს. მათ შორის, არიან ისეთი პარტიებიც, რომელთაც დიდი შანსია, საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახონ. ქვეყანაში აუცილებლად იქნება კოალიციური ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიებიდან ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ამას მოლაპარაკებები და საკმაოდ რთული პროცესი გადაწყვეტს. არჩევნების შედეგებამდე კონსულტაციების გამართვა არასერიოზული იქნება, მით უმეტეს, არ ვიცით, ზოგიერთი პარტია პარლამენტში მოხვდება თუ არა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.