რომან გოცირიძე 2011 წლის 26 მაისის აქციაზე - ძალიან სამწუხარო შემთხვევა მოხდა, იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება
რომან გოცირიძე 2011 წლის 26 მაისის აქციაზე - ძალიან სამწუხარო შემთხვევა მოხდა, იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება

ძალიან სამწუხარო შემთხვევა მოხდა, იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, – ასე აფასებს 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

„26 მაისს იყო შეტევა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე. 26 მაისის აქციის დაშლისას იყო გამოყენებული გადამეტებული ძალა, რომელსაც მოჰყვა ძალიან სამწუხარო შედეგი. მაგრამ თავად ეს აქცია და იმ პროცესში მიმდინარე მოვლენები იყო რუსეთიდან მართული ქვეყნის ინტერესების საზიანო ქმედებები. იმ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოში დაისაჯა უამრავი ადამიანი, ხოლო „გავრილოვის ღამეს“ მასზე უარესი ფორმით მომინტინგეების დაშლის შემთხვევაში არათუ არავინ დასჯილა, საერთოდ დამნაშავეც კი არ არის გამოკვეთილი დღევანდელი მდგომარეობით. ამიტომ, თუკი 26 მაისს ვახსენებთ ხელისუფლებისადმი პრეტენზიის კუთხით, რაც, ასე ვთქვათ, სამართლიანია, ასჯერ მეტად უნდა ვახსენოთ 20 ივლისის ღამე, როდესაც ამ ხელისუფლებამ დაარბია მშვიდობიანი მიტინგი, დათხარა ადამიანებს თვალები და ნაცვლად იმისა, რომ დასჯილიყვნენ, მათი, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში „გმირები“, დღეს მთავრობის სათავეში იმყოფებიან და პრემიერ-მინისტრის პოსტს ატარებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, კითხვაზე, ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა უქმნის თუ არა უხერხულობას, რომან გოცირიძემ აღნიშნა: „არავითარ უხერხულობას არ ქმნის საქართველოში არც ერთ პარტიასთან დაჯდომა, თუკი ეს ეხება საარჩევნო საკითხებს“.

მისი მოსაზრებით, საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოში ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი და ამ შემთხვევაში კონსულტაციები არის მისაღები.

„მაგრამ ჩვენ არასდროს მსგავს პარტიებთან ერთ პოლიტიკურ ბლოკში არ გავერთიანდებით და ბუნებრივია, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა რამ არის ეს. კონსულტაციები ეხება კონსტიტუციის ცვლილებას და არა დავუშვათ, ხელისუფლებაში ერთად მოსვლას ან თუნდაც იგივე, რაღაც ერთიანი ბლოკის ან სხვა ფორმაში მონაწილეობას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.