რომან დოლიძის მორიგ ბრძოლამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან #1TVSPORT
რომან დოლიძის მორიგ ბრძოლამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან #1TVSPORT

რომან დოლიძე UFC-ში რიგით მეოთხე ბრძოლას 6 ივნისს მაინც გამართავს. თავდაპირველად, 32 წლის ქართველის დაპირისპირება ალესიო დი კირიკოსთან იყო ჩანიშნული, თუმცა იტალიელმა ტრავმა მიიღო და ბრძოლას ჩაეხსნა. დოლიძის ახალი მეტოქე 28 წლის არგენტინელი ლაურეანო სტაროპილი იქნება.

ჩვენებურის მეტოქეს შერეულ ორთაბრძოლებში სულ ცხრა დაპირისპირება აქვს მოგებული. სამი ბრძოლა კი მისი მარცხით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სტაროპოლის ბოლო ორი ბრძოლა წაგებული აქვს (მუსლიმ სალიხოვი და ტიმ მინსი).

რომან დოლიძე UFC-ში მეოთხე ბრძოლისთვის კვლავ ლას ვეგასში ემზადება. ჩვენ ქართველ სპორტსმენს ამერიკის შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

– თავდაპირველად ალესიო დი კირიკოსთან უნდა გებრძოლა. თუმცა, ტრავმის გამო იტალიელი დაპირისპირებას ჩაეხსნა. ახლა უკვე შენი მეტოქე ლოურეანო სტაროპოლი იქნება. რას იტყოდი არგენტინელზე. რა არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები.

– ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთ მცირე დროში მოხერხდა ახალი მეტოქის მონახვა. შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალი დონის მებრძოლია. ის კარგად გამოიყურება დგომში და გამძლეობაც მაღალ დონეზე აქვს განვითარებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას აქვს სუსტი წერტილი და ჩვენ ამ სუსტ წერტილს აუცილებლად ვიპოვით.

– მოსამზადებელ ეტაპზე რომ გვითხრა. რამდენად ნაყოფიერად მიმდინარეობს და რამდენად კმაყოფილი ხარ შენი ფიზიკური ფორმით?

– მოგეხსენებათ, რომ 6 ივნისს მე ალესიო დი კირიკოსთან უნდა მებრძოლა და მოსამზადებელი ეტაპი სწორედ ამ მეტოქეზე კონცენტრირებით მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ხედავთ ვითარება შეიცვალა, მან ტრავმა მიიღო და ამის გამო უარი განაცხადა ბრძოლაში მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ მოსამზადებელმა ეტაპმა უაღრესად ნაყოფიერად ჩაიარა და კარგად ვარ მზად როგორც ფიზიკურად ასევე მორალურად.

– როგორ ფიქრობ, ბრძოლას დგომში წარმართავ უფრო თუ პარტერში?

– მიმაჩნია, რომ დაბალანსებულად უნდა ვიბრძოლო. 50% გავატარო დგომში და 50% პარტერში. ვგეგმავ, რომ ყველა კომპონენტი გამოვიყენო და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვო.

– მოსამზადებელი ეტაპის დროს შენ საკმაოდ დიდი ხანი გაატარე რეი სეფოსთან. რამდენად დაგეხმარა დარტყმითი ტექნიკის განვითარებაში ეს უმაღლესი დონის სპეციალისტი?

– დიახ, რეი სეფო ძალიან კარგი და მაღალი დონის სპეციალისტია, მაგრამ ჩემი მწვრთნელი ერიკიც მას არაფრით ჩამოუვარდება. ორივეს აქვს თავისი დადებითი და ძლიერი მხარეები და მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის მწვრთნელებთან მიწევს მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძისა და ლაურეანო სტაროპოლის ბრძოლა 6 ივნისს, ლას ვეგასში გაიმართება.