რომან დოლიძის მეტოქე ცნობილია - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
რომან დოლიძის მეტოქე ცნობილია - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ უკვე რამდენიმე თვეა, აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან (UFC) გააფორმა კონტრაქტი და თავის პირველ მეტოქეს ელოდება. გუშინ გაირკვა, თუ ვისთან მოუწევს დოლიძეს პირველი ირთაბრძოლის გამართვა. რომანის მეტოქე ბრაზილიელი ვინისიუშ მორეირა იქნება. ქართველის მეტოქის ძლიერი მხარე პარტერია. მორეირას ოქტაგონზე სულ 11 ბრძოლა აქვს გამართული, აქედან ცხრაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება და ორჯერ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ცხრიდან შვიდი ბრძოლა მტკივნეული ილეთით აქვს მოგებული.

ვინისიუშ მორეირა

მოამბე რომან დოლოძეს დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

როგორ გრძნობ თავს? როგორ ფორმაში ხარ, რაც შეერთებულ შტატებში გადახვედი?

ყველაფერი კარგად მიდის. ახალი სამწვრთნელო გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ. მშვენიერ ფორმაში ვარ და ვგრძნობ, რომ ყოველ დღე პროგრესს განვიცდი. სამწვრთნელო პროცესი ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში მიდის და ბედნიერი ვარ.

გაირკვა პირველი მეტოქეც. თუ გაქვს ინფორმაცია მის შესახებ ?

ბრძოლაზე კონტრაქტი უკვე გამომიგზავნეს. სიმართლე გითხრათ, მე დიდად არ ვფიქრობ, ვინ იქნება ჩემი მეტოქე. რა თქმა უნდა, მწვრთნელები მუშაობენ ამ საკითხზე და შეიმუშავებენ სწორ საბრძოლო გეგმას. ზედაპირულად გადავხედე ოპონენტს და მინდა გითხრათ, რომ მორეირა გამოცდილი მებრძოლია, რომლის ძლიერი მხარე ჭიდაობა და მტკივნეული ილეთებია, თუმცა რა თქმა უნდა მე ეს კომპონენტი საერთოდ არ მაშინებს.

როდის არის ბრძოლა დაგეგმილი და სად?

ბრძოლა სავარაუდოდ 29 ივნისს შედგება. ამჟამად კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ბოლო ტექნიკური დეტალები ირკვევა. მოუთმენლად ველოდები ოქტაგონზე გასვლას.

თავდაპირველად ბრძოლა რუს სპორტსმენთან პეტერბურგში იყო დაგეგმილი. რატომ გადაიდო ეს ბრძოლა? 

პეტერბურგში სავიზო პრობლემების გამო ვერ ჩავედი. ვფიქრობ მაგავს პრობლემა აღარ შემექმნება მომავალში რადგან იუ ეფ სიმ (UFC) სამუშაო ვიზა დამიდასტურა. ასე რომ მთელი ყურადღება მხოლოდ ბრძოლაზე მაქვს გადატანილი.

დატოვე კომენტარი