რომან დოლიძის ბრძოლის თარიღი ცნობილია - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
რომან დოლიძის ბრძოლის თარიღი ცნობილია - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) სადებიუტო ბრძოლას 13 ივნისს გამართავს. მისი მეტოქე 24 წლის რუსი ხადის იბრაგიმოვი იქნება. ბრძოლა ლიგის ისტორიაში ყაზახეთში პირველად  შედგება (UFC Fight Night 176)
დოლიძის მეტოქეს UFC-ში ორი ბრძოლა აქვს გამართული და ორივე მისი მარცხით დასრულდა. შერეულ ორთაბრძლებში კი მისი პირადი რეკორდი 8 მოგება და 2 მარცხია.
პირველი არხი რომან დოლიძეს უკრაინაში დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.
გილოცავთ ბრძოლის დანიშვნას. რა ინფორმაციას ფლობ მეტოქეზე? რა სტილით მებრძოლია?
ძალიან კარგი სპორტსმენია. M1-ის ყოფილი ჩემპიონია. რა თქმა უნდა, როგორც ყველას, მასაც აქვს სუსტი წერტილი. ახლა სწორედ მეტოქის იდენტიფიცირებაზე ვმუშაობთ და მის სუსტ მხარეებს ვსწავლობთ. მე მეტოქეს პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ბრძოლა უნდა გამოვიდეს. მოსამზადებელ ეტაპს ამერიკაში გავივლი.
ამჟამად ვის გუნდში ხარ და რომელ დარბაზში აპირებ ამერიკაში ვარჯიშს? როგორც ვიცით საინტერესო სიახლეები გაქვს მენეჯერთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი თუ რომელ დარბაზში მოვემზადები ბრძოლისთვის. თუმცა, დანამდვილებად შემიძლია გითხრათ, რომ მომზადების პირველ ეტაპს ამერიკაში გავივლი. ბოლო ერთ თვეს კი სავარაუდოდ ყაზახეთში გავატარებ. მენეჯერს რაც შეეხება, ნამდვილად არის კარგი სიახლე. ჩემი ახალი მენეჯერი ალი აბდელ აზიზი არის, რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ახლა როგორ ფორმაში ხარ და რატომ გადაწყდა, რომ ყაზახეთის ქარდზე მოგიწევს ბრძოლა?
ამჟამად ბრწყინვალე ფორმაში ვარ, ვარჯიშს ვაგრძელებ ჩვეულ რითმში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ყაზახეთში მომიწევს ბრძოლა. რამდენიმე ვარიანტი იყო, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ყაზახეთზე გავაკეთე. ამ ქვეყანაში უამრავ ტურნირზე მიმიღია მონაწილეობა და ბევრი გულშემატკივარი მყავს. გარდა ამისა ყაზახეთი საქართველოსთან ახლოს არის და ვისაც დიდი სურვილი ექნება შეუძლია დაესწროს ბრძოლას.