რომან დოლიძემ ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა #1TVSPORT

18:19, 21.08.2026

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ მერაბ დვალიშვილის მომავალი ბრძოლისა და ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა.

დვალიშვილს 24 ოქტომბერს პიოტრ იანთან სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრა ელის. რაც შეეხება ილია თოფურიას, მან ივნისში ჯასტინ გეიჯისთან თეთრ სახლში წააგო და მსუბუქი წონის ქამარი დათმო.

„მერაბისთვის პიოტრ იანთან დაპირისპირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მიმაჩნია, რომ ამ ბრძოლის ჩანიშვნა სავსებით სამართლიანია და დვალიშვილს რევანშის შანსი მიეცა.

მათ გამარჯვებები გაცვალეს, მერაბი დომინანტი ჩემპიონი იყო და ეს შერკინება ნამდვილად დაიმსახურა. წინ ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა გველის და მოხარული ვარ, რომ ის შედგება. ეჭვი არ მეპარება, რომ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს დაიბრუნებს.

ილია თოფურია უმაღლეს მწვერვალზე ავიდა და UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგსაც ედგა სათავეში. ამაზე მაღლა ასვლა წარმოუდგენელია, თუმცა მან მართლაც უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ჩაატარა. ძნელი სათქმელია, მსგავსი რამ სხვა ადამიანზე რა გავლენას იქონიებდა, მაგრამ მჯერა, რომ ეს მარცხი ილიას ვერ შეაჩერებს.

ის ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი მებრძოლია და კიდევ ბევრი რამის დამტკიცება ძალუძს – უპირველესად, საკუთარი თავისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ ოქტაგონზე გამარჯვებით დაბრუნდება“, – ამბობს ქართველი მებრძოლი.

38 წლის რომან დოლიძეს UFC-ში მორიგი ბრძოლა 23 აგვისტოს ელის – მისი მეტოქე ქვემძიმე წონაში (94კგ) ნიდერლანდელი რეინიერ დე რიდერი იქნება.

 

მსგავსი