რომან დოლიძე – საშუალო წონაში საკმაოდ წარმატებული წლები მქონდა, თუმცა, დროის სვლასთან ერთად, წონის კლება სულ უფრო რთული გახდა #1TVSPORT
UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ორგანიზაციაში მორიგი ბრძოლის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
დოლიძე 23 აგვისტოს ქვემძიმე წონაში (94კგ) ნიდერლანდელ რეინიერ დე რიდერს შეხვდება. ორივე მებრძოლმა წონითი კატეგორია შეიცვალა, მანამდე ისინი 84 კილოგრამში გამოდიოდნენ.
„საშუალო წონაში საკმაოდ წარმატებული წლები მქონდა, თუმცა, დროის სვლასთან ერთად, წონის კლება სულ უფრო რთული პროცესი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ წონის დაფიქსირება ახლაც უპრობლემოდ შემიძლია, დაკლებული კილოგრამების აღდგენა უკვე სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს.
რაც შეეხება ფიზიკურ ძალას, აქ ცვლილებას ვერ ვგრძნობ. საშუალო წონაშიც ღონიერი ვიყავი, მაგრამ ქვემძიმეში თავს გაცილებით უფრო ძლიერად ვგრძნობ, ამიტომ წონის შეცვლას ჩემთვის დისკომფორტი არ მოუტანია. გადასვლას ნულიდან დაწყებად არ მივიჩნევ, ეს უბრალოდ ჩემი პროფესიული გზის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია. წარსულში ქვემძიმე წონის ტოპ 10-ის წევრი უკვე დავამარცხე.
რაც შეეხება ჩემს მომავალ მოწინააღმდეგეს, ვფიქრობ, მან შესანიშნავი კარიერა ააწყო. ყოველთვის მინდოდა მასთან დაპირისპირება, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საშუალო წონაში გამოვდიოდი. რამდენჯერმე გამოვიწვიე კიდეც, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე“, – ამბობს რომან დოლიძე.
38 წლის ქართველ მებრძოლს კარიერაში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 15-ში გაიმარჯვა.