რომან დოლიძე - მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, ჩემი აზრით, მარვინ ვეტორის პირველი ბრძოლა მოვუგე #1TVSPORT
რომან დოლიძე - მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, ჩემი აზრით, მარვინ ვეტორის პირველი ბრძოლა მოვუგე #1TVSPORT

16 მარტს UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას საშუალო წონაში იტალიელი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ორი წლის წინ ამ სპორტსმენების დაპირისპირება ერთხელ უკვე შედგა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება ვეტორის დარჩა.

იტალიელთან მეორე ბრძოლამდე რომან დოლიძე ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრის შედეგს არ ეთანხმება.

„მარვინ ვეტორის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველ დაპირისპირებაში გავიმარჯვე, მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები.

აქამდე მუდამ ბრაზით ვჩხუბობდი, თუმცა ახლა გეგმა მაქვს და ზუსტად ვიცი, ოქტაგონზე რა უნდა გავაკეთო. ბრძოლა ხუთრაუნდიანი იქნება და ძალები უნდა დავზოგო. გამარჯვებისთვის სიმშვიდე და აგრესიის კონტროლი დამჭირდება.

მარვინ ვეტორისთან გამარჯვება საჩემპიონო ქამრისკენ მიმავალ გზაზე კარგ შესაძლებლობებს მომცემს. ამის შემდეგ ძლიერ და სახელოვან მოწინააღმდეგეს შევხვდები“, – განაცხადა რომან დოლიძემ.

36 წლის ქართველი მებრძოლი მარვინ ვეტორისთან ბრძოლას შერეულ ორთაბრძოლებში 14 გამარჯვებითა და სამი მარცხით ხვდება, ხოლო 31 წლის იტალიელმა აქამდე 27-ჯერ იჩხუბა, მის ანგარიშზე 19 მოგებაა.