რომან დოლიძე - მომდევნო მეტოქის ამბავი ალი აბდელაზიზს მივანდე, ის ამ საქმეში საუკეთესოა
რომან დოლიძე - მომდევნო მეტოქის ამბავი ალი აბდელაზიზს მივანდე, ის ამ საქმეში საუკეთესოა

დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე „აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის“ (UFC) ოქტაგონზე რიგით მეორე დაპირისპირებას 22 ნოემბერს, UFC 255-ის ფარგლებში გამართავს. დოლიძის მეტოქე ბრაზილიელი ჯონ ალანი იქნება. „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ დოლიძეს შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა. მან რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში, ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა. რაც შეეხება ალანს, ბრაზილიელი ოქტაგონზე 2019 წლის ივლისის შემდეგ არ გამოჩენილა. დოლიძის მეტოქეს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ჩაგდებული დოპინგ-ტესტის გამო ჰქონდა.

ამჟამად რომანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჩვენ ქართველ მებრძოლს დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დაუსვით.

რა ინფორმაციას ფლობ მეტოქეზე? იყო, თუ არა სხვა შემოთავაზებები და რატომ შეაჩერე არჩევანი ალანზე?

ძალიან ბევრი შემოთავაზება იყო, ამჯერად ჩემი მომდევნო მეტოქის ამბავი ჩემს მენეჯერს ალი აბდელაზიზს მივანდე. ის ამ საქმეში საუკეთესოა. პირადად ჩემი სურვილი იყო, რომ ბრძოლა უფრო ადრე ჩამეტარებინა, თუმცა როგორც უკვე გითხარით მენეჯერმა ასე გადაწყვიტა. გზაში ვიყავი, როდესაც ეს ინფორმაცია დადასტურდა და გავრცელდა.

ამჟამად სად იმყოფები და ბრძოლისთვის სად მოემზადები ?

ახლა ვიმყოფები ბოსტონში და ველოდები ჩემს რეისს ლას ვეგასის მიმართულებით. ბრძოლისთვის სწორედ იქ მოვემზადები, სავარაუდოდ UFC-ის ინსტიტუტში. ამის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია ლას ვეგასში ჩასვლის შემდეგ მეცოდინება.

რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის დაუმარცხებლის სტატუსის შენარჩუნება და რა ინფორმაციას ფლობ მეტოქეზე?

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მებრძოლისთვის ყოველი დაპირისპირება არის უმნიშვნელოვანესი. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ 22 ნოემბრისთვის საუკეთესო ფორმაში ვიყო. რაც შეეხება მეტოქეს, ის საკმაოდ კარგი მებრძოლია. დანა ვაიტის „ქონთენდერს სერიზ“-ის (Contender Series) ღონისძიებებზე მან თავი დადებითად წარმოაჩინა.

საინტერესო ფაქტია, რომ ალანი ქართველთან დაპირისპირებამდე 12 სექტემბერსაც აპირებს ბრძოლას. მისი მეტოქე ედ ჰერმანი იქნება.