რომან დოლიძე - მჯერა, თებერვალში გულშემატკივრებს გავახარებთ და UFC-ის ქართველი ჩემპიონი ეყოლება #1TVSPORT
რომან დოლიძე - მჯერა, თებერვალში გულშემატკივრებს გავახარებთ და UFC-ის ქართველი ჩემპიონი ეყოლება #1TVSPORT

4 თებერვალს UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას ჩაატარებს, მისი მეტოქე საშუალო წონის რეიტინგის მე-11 ნომერი ნასურდინ იმავოვი იქნება.

დოლიძისა და იმავოვის დაპირისპირება UFC Vegas 85-ის მთავარი ღონისძიებაა და ის ხუთი რაუნდი გაგრძელდება.

ბრძოლამდე 35 წლის ქართველმა პრესკონფერენცია ჩაატარა. რომან დოლიძემ გასულ წელზე, იმავოვთან დაპირისპირებასა და UFC-ის სხვა ქართველი მებრძოლების შანსებზე ისაუბრა.

„ბრძოლის კვირა ისე მიმდინარეობს, როგორც ეს სხვა დროს ხდება. მიხარია, რომ დღის მთავარი ღონისძიების მონაწილე ვარ.

ადამიანებმა, რომლებიც მიცნობენ, იციან, რა ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში MMA-ს. მე ვეთანხმები და ვიღებ იმ თამაშის წესებს, რომლებსაც ორგანიზაცია UFC-ი გვიწესებს.

ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან შარშან მეტოქეები ხშირად ჩემთან ბრძოლებს ეხსნებოდნენ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს პროცესის ნაწილია. მსურდა, მეტი ჩხუბი მქონოდა, თუმცა ვიღებ იმ მოცემულობას, რაც ახლაა.

როცა ახალ ბრძოლაზე მოლაპარაკება დავიწყეთ, UFC-ის ორი რამ ვთხოვე – ახალი კონტრაქტი და დღის მთავარი ღონისძიება. მათ ჩემი მოთხოვნები დააკმაყოფილეს და მე ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად ვიყავი.

ახლა საშუალო წონის რეიტინგში მერვე ადგილზე ვარ და ყოველთვის უმაღლესი რეიტინგის მქონე სპორტსმენებთან დაპირისპირებას ვითხოვ. ბევრს ჩემთან ჩხუბი არ სურს და ამის მიზეზი არ მესმის. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ისინი ბავშვებივით იქცევიან.

ქართველი მებრძოლებისთვის ყოველი წელი მნიშვნელოვანია. ჩვენ პატარა ქვეყნიდან ვართ და ბევრი პრობლემა გვაქვს. ვამტკიცებთ, რომ რთულ პირობებშიც შეიძლება წარმატების მიღწევა. UFC-ში ხუთი ქართველი მებრძოლი ვირიცხებით და აქედან ოთხი TOP 10-ში ვართ, ათეულში ყოფნას იმსახურებს გურამ ქუთათელაძეც. მჯერა თებერვალში გულშემატკივრებს გავახარებთ და საქართველოდან ჩემპიონიც გვეყოლება.

ილია თოფურია 18 თებერვალს UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს და მისი წარმატება ძალიან გამიხარდება, ის ამას იმსახურებს, დიდებული მებრძოლია. ყველა საჭირო უნარი აქვს და ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან მისი დაპირისპირება სტილისტურად ძალიან საინტერესო იქნება. მჯერა, ილია გაიმარჯვებს. ასევე არ დავივიწყოთ მერაბ დვალიშვილი, მან ტიტულისთვის ბრძოლა დაიმსახურა და, ვფიქრობ, ის ამას მიიღებს“, – განაცხადა რომან დოლიძემ.

ამ მომენტისთვის MMA-ში რომან დოლიძეს 14 ჩხუბი აქვს გამართული, საიდანაც 12 მოიგო. რაც შეეხება მის მეტოქეს, იმავოვს 12 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.