რომან დოლიძე - ენტონი ერნანდესი ძალიან კარგი მებრძოლი და ადამიანია #1TVSPORT
UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ენტონი ერნანდესთან მოახლოებული ბრძოლის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
37 წლის დოლიძე ორგანიზაციის საშუალო წონაში მორიგ შეხვედრას 10 აგვისტოს ლას ვეგასში ამერიკელ ენტონი ერნანადესთან ჩაატარებს. ბრძოლა საღამოს მთავარი ღონისძიება იქნება და, მაქსიმუმ, ხუთ რაუნდს გაგრძელდება.
ამჟამად რომან დოლიძე UFC-ს საშუალო წონის რეიტინგში მეცხრე ადგილზეა, ხოლო მისი მეტოქე მეათე პოზიციას იკავებს.
„რამდენიმე თვის განმავლობაში მეუბნებოდნენ, რომ რობერტ ვიტეკერთან უნდა მებრძოლა, მაგრამ როცა გამოაცხადეს, რომ ის დე რიდერს დაუპირისპირდებოდა, მეორე დღეს უკვე ერნანდესთან ბრძოლა შემომთავაზეს.
ვფიქრობ, ვერც მე და ვერც ის ამ ეტაპზე ვერ ვიღებთ ისეთ მოწინააღმდეგეებს, რომელთა რეიტინგიც უფრო მაღალია. ორივეს გვეკუთვნის უფრო ძლიერი და მაღალი დონის მებრძოლთან შეხვედრა, მაგრამ რაც არის, არის. ორგანიზაციით კმაყოფილი ვარ, იმას ვიღებ, რასაც მაძლევენ.
ვიტეკერთან ბრძოლა ახლა აღარ არის საინტერესო ჩემი მომავლისთვის. არ მინდა, უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ მირჩევნია, რეიტინგის პირველი ხუთეულიდან შევხვდე ვინმეს.
ერნანდესი ძალიან კარგი მებრძოლია, მას ძლიერი მეტოქეები ჰყავდა და შესანიშნავი ადამიანიც არის. თუმცა ის არასდროს შეხვედრია გრეპლინგში ჩემსავით ძლიერ მებრძოლს. ყველამ ვიცით, რომ მას შესანიშნავი უნარები აქვს, უყვარს ბრძოლა მიწაზე და მოწინააღმდეგის კონტროლი, მაგრამ მე იქ ყოველთვის აქტიური ვარ – არავის ვაძლევ დასვენების საშუალებას.
ახლა ქართული MMA-ს ლამაზ ეპოქაში ვცხოვრობთ. ჩვენ, მებრძოლები, არა მხოლოდ ისტორიას ვწერთ მომავალი თაობებისთვის, არამედ იმ სტანდარტსაც ვადგენთ, რომელსაც ახალმა თაობამ უნდა მიაღწიოს. უბრალოდ UFC-ში ყოფნა აღარ არის საკმარისი – ტოპ მებრძოლი უნდა იყო, რადგან ჩვენი სპორტსმენები უმაღლეს დონეზე იბრძვიან. მესამე წელია, რაც საშუალო წონის რეიტინგის გამორჩეულ სპორტსმენებს შორის ვარ, ორი ჩემპიონი გვყავს, გიგა ჭიკაძე დიდი ხანია ელიტაშია. სახელებს აღარ ჩამოვთვლი – კიდევ ბევრი მებრძოლია, ვინც UFC-ში ადგილის ღირსია. ქართული MMA-ს მომავალი ძალიან ნათელია“, – განაცხადა დოლიძემ.